აფეთქება სევეროდვინსკთან: რუსი ექიმები სამხედროებს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

აფეთქება სევეროდვინსკთან: რუსი ექიმები სამხედროებს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

სევეროდვინსკთან აფეთქების შედეგად დაშავებულების მკურნალობა ყველანაირი წესის დარღვევით მიმდინარეობა. ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტებს იმ ექიმებმა განუცხადეს, რომლებმაც დაშავებულებს დახმარება გაუწიეს. არხანგელსკის კლინიკური საავადმყოფოს ორმა თანამშრომელმა გამოცემას ინტერვიუ ანონიმურობის დაცვის გარანტიით მისცა.

მათი საუბრიდან ირკვევა, რომ 8 აგვისტოს, აფეთქების შემდეგ კლინიკაში 3 დაშავებული გადაიყვანეს. ამასთან სამხედროებმა ექიმებს რადიაციული ფონის შესახებ არაფერი უთხრეს. შედეგად მათთან დაუცველი კონტაქტი 90 ადამიანს ჰქონდა, რისკის ზონაში მყოფთა რიცხვი კი შესაძლოა უფრო დიდი იყოს, რადგან მიმღები განყოფილება პაციენტების მიყვანიდან მხოლოდ ნახევარ საათში დაიკეტა, როცა ექიმები თავად მიხვდნენ, რომ დაშავებულებს რადიაციის დიდი დოზა აქვთ მიღებული.

თავის მხრივ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტებთან მომუშავე ექიმების ორგანიზმში რადიაციის ფონი მომატებული არ არის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ ვიღაც საინფორმაციო ფონის განზრახ დაძაბვას ცდილობს.

8 აგვისტოს სევეროდვინსკთან სამხედრო პოლიგონზე მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. 19 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ინციდენტმა რადიაციული ფონის მატება არ გამოიწვია და არანაირი საფრთხე არ არსებობს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შემდეგ რადიაციული ფონის მონიტორინგის ოთმა  სადგურმა მუშაობა შეწყვიტა.