ნაკლებად შესაძლებელია, რომ 2020 წელს მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებაში მოვიდეს, მაგრამ პარლამენტში თავის წარმომადგენლებს გაიყვანს

ნაკლებად შესაძლებელია, რომ 2020 წელს მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებაში მოვიდეს, მაგრამ პარლამენტში თავის წარმომადგენლებს გაიყვანს

ნაკლებად შესაძლებელია, რომ 2020 წელს მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებაში მოვიდეს, მაგრამ პარლამენტში თავის წარმომადგენლებს გაიყვანს. ის იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა და პარლამენტში მისთვის მისაღებ კანონპროექტებს ლობირებას გაუწევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ის პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს.

ჩიტაძის შეფასებით, ხაზარაძის პარტიის ძლიერი მხარე იქნება ფინანსურ რესურსი, ხოლო სუსტი კი ის, რომ ის არ იქნება პოლიტიკაში გამოცდილი ადამიანებით დაკომპლექტებული. ამის მიუხედავად, ექსპერტს მიაჩნია, რომ მამუკა ხაზარაძე პარტიას ინტელექტუალებით დააკომპლექტებს, რომლებიც შეძლებენ, რომ პოლიტიკურ პროცესებს ალღო აუღონ.

ამასთან, ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ხაზარაძემ საზოგადოებას მიანიშნა, რომ ის ემიჯნება როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მამუკა ხაზარაძემ თავისი ნიშა აიღო პოლიტიკაში. მან საზოგადოებას მიანიშნა, რომ ემიჯნება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ ან თუნდაც „გაერთიანებულ ოპოზიციას“. მას სურს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის როლი ითამაშოს. ხაზარაძის პარტიის ძლიერი მხარე არის ფინანსური რესურსი, რომლითაც ის შეძლებს აქტივისტების მოზიდვას, ასევე რეგიონული ოფისების გახსნას. სუსტი მხარე კი არის ის, რომ პარტია დაკომპლექტებული იქნება ინტელექტუალებით, თუმცა არა პოლიტიკაში გამოცდილი ადამიანებით.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი კვლავ დარჩება „ქართული ოცნების“ მომხრედ და ამაზე მეტყველებს სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვაც. დაახლოებით 25-30% -ის ფარგლებში მერყეობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც მაინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, მასაც და „ევროპულ საქართველოსაც“ ჰყავთ თავისი სტაბილური ამომრჩეველი. დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი 3%-დან 5%-მდე მერყეობს. რჩება დაახლოებით ამომრჩეველთა 40%-50%, რომელთაც არ გადაუწყვეტიათ, მხარი ვის დაუჭირონ. ეს არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. მათთვის ალტერნატივა შესაძლოა, იყოს სწორედ მამუკა ხაზარაძის პარტია.

თუ ხაზარაძის პარტია, პირველ რიგში, იქნება ხარისხობრივი პარტია და შეძლებს ინტელექტუალების მოზიდვას, მას გარკვეული პერსპექტივები აქვს. ეს პარტია ერთ კონკრეტულ პერსონასთან არ უნდა ასოცირდებოდეს და ხაზარაძე ბელადი არ უნდა იყოს. თუ კონკრეტული პროგრამა ექნებათ და პიარკამპანიისას მოსახლეობის დარწმუნებას შეძლებენ, შესაძლებელი იქნება, რომ ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღონ. ნაკლებად შესაძლებელია, რომ ხაზარაძე ხელისუფლებაში მოვიდეს, მაგრამ პარლამენტში თავის წარმომადგენლებს გაიყვანს. ის იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა, თუმცა 2020 წლისთვის გაუჭირდება, რომ მმართველ ძალად ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, ხაზარაძის პარტიას პარლამენტში ექნება ადგილები და მისთვის მისაღებ კანონპროექტებს ლობირებას გაუწევს,“ - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.