ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში, დავით ზარდიაშვილი, ავთანდილ წერეთლის თემაზე, „ფეისბუკზე“ სახუმარო „პოსტს“ აქვეყნებს:
„ერთი ძალიან ძველი, მართლა ნიკოლოზის დროინდელი ანეკდოტი გამახსენდა. ძველი წიგნი მაქვს - „სიცილის არქივიდან“ ჰქვია, კარგი გამოცემაა, მე-20 საუკუნის დასაწყისის სატირულ-იუმორისტულ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს ეძღვნება, უაღრესად საინტერესოა და თავშესაქცევიც. იქ მაქვს ეს ანეკდოტიც ამოკითხული:
კინტო შედის საფუნთუშეში და დახლიდარს ეუბნება:
- აბა ძმაკაც, მაიტა, ერთი "ბულკი" მომეციო! დახლიდარიც აძლევს "ბულკს". კინტო დახედავს და უკან დაუბრუნებს
- არა, "ბულკი" არ მინდა, მაგ ფასში ორი კაი "პონჩიკი" მამივა და მაიტა ისაო!
დახლიდარიც ცერად კი გახედავს, მაგრამ უხმოდ "ბულკს" უკან გამოართმევს და ორ "პონჩიკს" აწვდის. კინტო შეჭამს ამ ორ "პონჩიკს" და არხეინად კარისკენ გასასვლელად დაიძვრება.
- მაიცა, მაიცა! სად მიდიხარ, შე ბემურაზო, შენაო? ფული ვინ უნდა გადამიხადოსო? - აჩერებს დახლიდარი.
- რა ფული, რის ფული?! ალაოდ ხო არა ხარ, ორი მოცუცუქნული "პონჩიკი" წავიღე, სამაგიეროდ - მაგის ფასისა იმოდენა "ბულკი" მოგეცი, ეგრე არ იყოო?! - ხელებს უშლის კინტო...
- დაიცა, დაიცა, ვის აგიჟებ? "პონჩიკი" "ბულკში" თუ წაიღე, მაშინ იმ "ბულკის" ფული უნდა მამცე, კაპიკიც არ გადაგიხდიაო! - არ "იბნევა" დახლიდარი;
- ვაა. ეს სუ მთლად სულელიცა ყოფილა, აი! -შეიცხადებს კინტო - რა "ბულკის" ფული, რომელი "ბულკის" ფული, შე მართლა ტუტუცო - "ბულკი" რა, შევჭამე რო, თითიც არ დამიკარებია, რა სინდისითა ფულსა მთხოვო?! - ბოლომდე თავისას "აწვება" "განაგლებული" კინტო...
აი, იმ 17 მილიონზე გამახსენდა - აიღო ჭუტამ სესხი ბანკისგან და მერე იმავე ბანკირებს ის ფული უკანვე ასესხა; იმათაც - ადგნენ და ეს ფული უკანვე ბანკში შეიტანეს, ოღონდ სხვანაირად - როგორც სააქციო კაპიტალი, სამაგიეროდ, 17 მილიონის აქციები, "პონჩიკისა" არ იყოს, მუქთად დარჩათ?! ბანკის სესხი და ბანკირებისაც, როგორც "ბულკი- პონჩიკში" ისე გაიქვითა, და "გადაგდებული" დახლიდარი ვინღაა ამ "კინტაურში"?!;
ახლა გამარკვიეთ - ბოლო-ბოლო ეს 17 მილიონიანი "ბულკი" თუ "პონჩიკი", შაიჭამა თუ არა? ეგ გავიგე - ამ ისტორიაში, იმ ანეკდოტისგან განსხვავებით, ერთი კი არა, ორი კინტოა - ჭუტა და ბანკირები (ხაზარაძე-ჯაფარიძე ერთნი არიან და მეორე კინტოს ვარიანტში გადიან) ეგ კი არ მესმის, პრაკურატურას დახლიდარობა ეხლა რაში გაახსენდა?! თქვენი არ ვიცი და მე კი მართლა დახლიდარივით დავიბენი, ვერაფერი გავიგე, ჩემმა მზემ“, - წერს დავით ზარდიაშვილი.