ზელენსკიმ რუსეთის

ზელენსკიმ რუსეთის "დიდ შვიდიანში" დაბრუნების პირობები წამოაყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის "დიდ შვიდიანში" დაბრუნების პირობები წამოაყენა. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ის პირად გვერდზე განათავსა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ორგანიზაციიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს. ამიტომ ფორმატის აღსადგენად ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინას ყირიმი უნდა დაუბრუნოს, გაათავისუფლოს უკრაინელი პოლიტპატიმრები და მეზღვაურები და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები დონბასში.

"ეს მთელი მსოფლიოსთვის სერიოზული სიგნალი იქნება, რომ რუსეთი მზად არის მაღალი დიპლომატიის დღის წესრიგში თავისი ადგილი დაიკავოს", - წერს ზელენსკი.

რუსეთის "დიდ შვიდიანში" დაბრუნების ინიციატივით 20 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

ასე, ემანუელ მაკრონი დიდი რვიანის ფორმატის აღდგენას მიზანშეწონილად მიიჩნევს, მაგრამ მხოლოდ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთის "შვიდიანში" უპრობლემო დაბრუნება მსოფლიო ლიდერების სტრატეგიული შეცდომა იქნება და მათ სისუსტეს წარმოაჩენს.

ტრამპის ინიციატივა ასევე გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და კანადაში გააკრიტიკეს.

„დიდი შვიდეული“ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, კანადას, აშშ-სა და იაპონიას აერთიანებს. მათ „დიდი რვიანის“ ფორმატში რუსეთთან თანამშრომლობა 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო შეწყვიტეს.