უგულავამ და ჩერგოლეიშვილმა ერთმანეთს მწარედ “დაარტყეს”

უგულავამ და ჩერგოლეიშვილმა ერთმანეთს მწარედ “დაარტყეს”

გიგი უგულავა და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ყველაფერი კი “ტაბულა”-ში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დაიწყო. გიგი უგულავა ამბობს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა, განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაურით  დაამახინჯა მისი ინტერვიუს ფრაგმენტი.

“ტაბულას" დამფუძნებელმა ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, სამწუხაროდ, განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაურით დაამახინჯა ჩემი ერთი კვირის წინანდელი ინტერვიუს ფრაგმენტი დიანა ტრაპაიძესთან (იმ გათვლით, რომ მკითხვრლი მასიურად ძირითადად სათაურებს ეცნობა).

ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ცდილობდა საკუთარი პოსტებით (პირადი სივრცეა და მისი საქმეა) გაევრცელებინა სიყალბე და როცა თემა ვერ აწია ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტის იგნორირებით ინტერვიუს განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური დაურთო.

ეს ძალიან იაფფასიანი პროვოკაციაა. ჩემთვის როგორც ტაბულას გულშემატკივარისა და აქტიური მკითხვრლისთვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. ტაბულას კოლექტივი გამოირჩევა ქართულ მედიაში თავის მაღალი სტანდარტებით. ამ ფონზე ათმაგად დასანანია როცა გამოცემის მფლობელი პარტიაზე პირადი ძალაუფლების მოპოვებისთვის ასეთ უმსგავსო ხერხს მიმართავს. ცხადია მისი მცდელობა უშედეგოა. სამწუხაროდ, ტაბულას დამფუძნებელი ქალბატონი თამარი ხშირად საუბრობს პარტია “ევროპული საქართველოს” სახელით, ცდილობს დაარწმუნოს (საკმაოდ წარმატებით) მკითხველი, რომ ის რამეს წყვეტს პარტიაში. მინდა გითხრათ, რომ მის გამონათქვამებს, პოსტებს და საჯარო გამოსვლებს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ საქართველოსთან, მეტიც უმეტეს შემთხვევაში პარტიისთვის ზიანის მომტანია.

უგულავას გამოეხმაურა თავად ჩერგოლეიშვილი, რომელმაც ასევე ვრცელი სტატუსით უპასუხა მის შენიშვნას.

“სამწუხაროა გიგი უგულავას ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხილვა. მედიაში მიჩვეულები ვართ, რომ პოლიტიკოსები თავის გაფუჭებულს მედიას აბრალებენ. არაფერი, საერთოდ არაფერი, იმ ტექსტში ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის – თავადვე ადასტურებს ამას როცა ხელმეორედ მოყავს მოლდოვის მაგალითი.

თუ ამოცანა რუსული გავლენის შემცირებაა, კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობით ეს როგორ უნდა გაკეთდეს, ამოუხსნელი და გაუგებარია. სამწუხაროდ ადამიანები ერთ შეცდომას რომ დაუშვებენ, აღიარების ძალა თუ არ ეყოთ, შეცდომების სპირალში შედიან.

ჩემი შეცდომაა, რომ იმ დღესვე არ დაიდო ის ნიუსი. ვიცოდი რომ ევროპულ საქართველოს გიგის განცხადება აზიანებდა და ვიფიქრე, შეუმჩნევლად ჩაივლიდა. ეს სწორი არ არის და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. საკუთარ პროფესიასთან კომპრომისი პარტიული სიმპატიის გამო, დაუშვებელია.

სამწუხაროდ თავად გიგიმ გააღვიძა თემა, როდესაც კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობა ვისთვისაც მიუღებელია, მათ შეუგნებლები გვიწოდა და რაღაც მორიგი დისკუსია გააჩაღა ერთიანობაზე ისე, რომ არავინ იცოდა ვისთან ერთიანობაზეა საუბარი.

არჩევანი მისია! შეუძლია აყვეს შავრაზმელებს და ნაცებს კუდიანზე ნადირობაში. ჩემს რწმენას, რომ კრემლისტურ ძალებთან ყოველგვარი თანამშრომლობა მიუღებელია – ეს არ შეარყევს.

რაც შეეხება პარტიაზე და ჩემს პირად გავლენაზე ბოდვას – ამას უკომენტაროდ დავტოვებ. არაერთხელ გამიცია პასუხი რომ მე არ ვარ პარტიის წევრი და ვერ მექნება ვერანაირი გავლენა, იმიტომ რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ვმონაწილეობ – არ მაქვს ხმა.” – წერს ჩერგოლეიშვილი.