ყარამანიშვილები წულუკიანის უწყების წინააღმდეგ

ყარამანიშვილები წულუკიანის უწყების წინააღმდეგ

"რუსთავი2"-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები საჯარო რეესტრს უჩივიან. საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა სარჩელი. ყარამანიშვილები თეა წულუკიანის უწყების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმება ძალიან სწრაფად მოხდა.

ძმები ყარამანიშვილები და ტელეკომპანია "საქართველოს" მფლობელები ეხმაურებიან ქიბარ ხალვაშის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონს ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ და მოუწოდებენ პოტენციურ მყიდველებს, ნუ შეიძენენ კომპანიას, რადგან შესაძლოა დადგინდეს, რომ ქიბარ ხალვაში არ არის "რუსთავი2"-ის კანონიერი მესაკუთრე.

„ითხოვენ იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც „რუსთავი2“-ის წილები დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებად. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქიბარ ხალვაშის მიერ ორგანიზებული ე.წ. საჯარო აუქციონი „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, ყოფილი დამფუძნებლები მოუწოდებენ ნებისმიერ პირს, არ შეიძინონ „რუსთავი2“-ის ქონება, წილები, იმიტომ, რომ ისინი აგრძელებენ დავას სასამართლოში და აუცილებლად დადგინდება მომავალში ის გარემოება, რომ რეალურად ქიბარ ხალვაში არ არის „რუსთავი2“-ის კანონიერი მესაკუთრე,“-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც მისი თქმით, რეესტრს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაშისთვის წილები არ უნდა გადაეფორმებინა. იურისტის განცხადებით, გასაჩივრების შემდეგ, ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, შესაძლოა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს, რის შემდეგაც დავა ქართულ სასამართლოში თავიდან უნდა დაიწყოს.

„საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაერეგისტრირებინა ქიბარ ხალვაშის საკუთრება იქამდე, სანამ არ მოხდებოდა ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში გასაჩივრება და დიდი პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს საჩივარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მერე ხელახლა უნდა იქნეს განხილული საქართველოში სასამართლო დავა. ეს დროსთან არის დაკავშირებული და ამ პერიოდში „რუსტავი2“ -ი შეიძლება აღარ არსებობდეს და ზუსტად ამიტომ არ უნდა მოეხდინა მარეგულირებელ ორგანოს რეგისტრაციის განხორციელება,“-განაცხადა იურისტმა საძაგლიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ახალმა მფლობელმა სამაუწყებლო კომპანია გააკოტროს. "არც გაიყიდება „რუსთავი2“ , სხვა გეგმები აქვთ კომპანიასთან დაკავშირებით. ალბათ შეეცდებიან კომპანიის ან გაკოტრებას, პირდაპირი მნიშვნელობით ან არაპირდაპირი მნიშვნელობით, რაც ნიშნავს გადაცემების დახურვას, შტატების შემცირებას, ხელფასების შემცირებას და ა.შ. ანუ რეალურად „რუსთავი2“ აღარ იარსებებს იმ სახით, რა სახითაც არსებობდა,“-ამბობს საძაგლიშვილი.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად დაახლოებით, 3 თვიანი ვადა აქვთ.