არხანგელსკის ოლქში აფეთქების შემდეგ რადიაციის მონიტორინგის ოთხი სადგური აღარ მუშაობს

არხანგელსკის ოლქში აფეთქების შემდეგ რადიაციის მონიტორინგის ოთხი სადგური აღარ მუშაობს

არხანგელსკის ოლქში სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შემდეგ რადიაციული ფონის მონიტორინგის ოთხი სადგური აღარ მუშაობს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმების ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივან ლასინ ზერბოზე დაყრდნობით წერს.

მანამდე ზერბომ განაცხადა, რომ შეწყდა კავშირი სადგურებთან დუბნასა და კიროვში. ბოლო მონაცემებით, 13 აგვისტოდან აღარ მუშაობს მონიტორინგის წერტილები ქალაქ ბილიბინოში და სოფელ ზალესოვოში.

მონიტორინგის სადგურები რადიაციული ფონის მონაცემებს საერთაშორისო ქსელში გადასცემენ. მათი მეშვეობით სახელმწიფოები ბირთვული ცდების აკრძალვის შეთანხმების შესრულებას აკონტროლებენ.

8 აგვისტოს სევეროდვინსკთან სამხედრო პოლიგონზე მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. 19 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ინციდენტმა რადიაციული ფონის მატება არ გამოიწვია და არანაირი საფრთხე არ არსებობს.