ხალვაშს ხელში უჭირავს გავარვარებული მუგუზალი, ვერც ხელს უშვებს და თან ხელი ეწვება

ხალვაშს ხელში უჭირავს გავარვარებული მუგუზალი, ვერც ხელს უშვებს და თან ხელი ეწვება

ქიბარ ხალვაშს “რუსთავის 2“-ს გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვს, - ამის შესახებ “2020NEWS” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხალვაშს ტელეკომპანიის გადარჩენის შეზღუდული არჩევანი აქვს: ან სარედაქციო დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს, რაც ნიშნავს, რომ ხალვაშს ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნება, ან შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა, რის ხარჯზეც მას მხოლოდ ცარიელი კედლები და ამორტიზებული ტექნიკა შერჩება.

“მეჩვენება ,რომ ქიბარ ხალვაში დაბნეულია, ბევრი იბრძოლა გავარვარებული მუგუზალისთვის და ახლა ხელში უჭირავს, ვერც ხელს უშვებს და თან ხელი ეწვება. ტელევიზია არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი, ტელევიზიის მთავარი აქტივი არის ადამიანური რესურსი და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ხალვაშს შეზღუდული არჩევანი აქვს, ან ჟურნალისტებმა უნდა იმუშაონ იგივე რეჟიმში რა რეჟიმშიც მუშაობენ დღეს რაც ნიშნავს, რომ ხალვაშს ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნება, ან მან უნდა შეცვალოს “რუსთავი 2“-ს სარედაქციო პოლიტიკა , ამ შემთხვევაში ადამიანური რესურსი და საინფორმაციო ტექნოლოგიები იქიდან წავლენ შესაბამისად ხელში შერჩება ცარიელი კედლები და ამორტიზებული ტექნიკა. ფინანსებით ტელეკომპანიის გადარჩენა შეუძლებელია, ტელევიზია არის ის, რაც ფულზე არ იყიდება. ფულზე იყიდება შენობა და ტექნიკა, რაც ვერ ქმნის ტელევიზიას, შესაბამისად ქიბარ ხალვაშს “რუსთავი 2“-ის გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.

შეგახსნებეთ, გუშინ ქიბარ ხალვაშმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც იგი ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გაყიდვას აღარ აპირებს.

როგორც ხალვაში განცხადებაში აღნიშნავს, იგი მთელ თავისი რესურის და საშუალების გამოყენებას გეგმავს, რათა ტელეკომპანია არ გაკოტრდეს და წარმატებულ კომპანიად იქცეს.