ელიზაბეთ რუდის განცხადება გამგონმა უნდა გაიგოს - რეალური საფრთხეა, რომ ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიმართოს ქვეყნის შენებისკენ, რეალურად მიმართულია ქვეყნის დაქცევისა და კრიტიკისკენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.
ის გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებას, რომ ქართველები ერთმანეთის კრიტიკის მაგივრად, ოკუპაციის პრობლემის წინაშე უნდა გაერთიანდნენ.
„თუ გავითვალისწინებთ, სად, რა სივრცესა და კონტექსტში იყო ეს ნათქვამი, ბუნებრივია, ეს ასოციაცია ჩნდება. განცხადების კონტექსტი ზუსტად იმაზე მიგვანიშნებს, რომ ომის დაწყებასთან დაკავშირებით ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი აზიანებს არა მარტო აღნიშნულ პროცესს. მე უფრო შორსაც წავიდოდი: ის, რაც ხდება, მათ შორის ეს თემა, მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი და გრძელვადიანი რუსული საინფორმაციო და ჰიბრიდული ომის შედეგია. ხდება საქართველოს საზოგადოების გახლეჩვა, ერთმანეთზე წაკიდება, ღირებულებების მიზანმიმართული დეგრადაცია, ისეთი თემების შემოგდება, რომელიც კონფრონტაციას შეიტანს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში - ეს ყველაფერი კლასიკური საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დივერსიის აქტებია, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, აგრესიის გაღრმავების მიზანია საზოგადოების დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია, ასევე ერთიანი ეროვნული სხეულისა და ღირებულებითი სისტემის ჩამოშლა და მორალური კაპიტულაცია.
„ამას ძალიან კარგად ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები და განსაკუთრებით მისი საელჩო, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აანალიზებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამ ყველაფერში ხედავს ძალიან დიდ საფრთხეს. ეს ძალიან დიდი საფრთხეა, რადგან კლავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე ერის ორიენტაციის მზაობას და ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიმართოს ქვეყნის შენებისკენ, რეალურად მიმართულია ქვეყნის დაქცევისკენ, კრიტიკისკენ, რომელიც სრულიად მართულია. ამის კლასიკური მაგალითია ის დაპირისპირება, რომელიც ხელოვნურადაა ამ ომის დაწყების თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს ერთი თემა არ არის. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელის განცხადება კი სრულიად გასაგებია და გამგონმა უნდა გაიგოს, რომ ეს რეალური საფრთხეა და ამიტომ დასვა მან აქცენტი ამ თემაზე“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლაგაზიძემ.