ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების განცხადებას მიესალმება, რომლის თანახმადაც ისინი „აგვისტოს ომის“ ფილმის მთავარ შინაარს არ იზიარებენ. მისი შეფასებით, დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში „იმედის“ ჟურნალისტები, ოპერატორები და სხვა თანამშრომლები არიან, რომლებიც ხელმძღვანელობის წნეხს განიცდიან.
რომან გოცირიძე „იმედის“ ყველა ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს.
“მისასალმებელია ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტების განცხადება, რომლებიც ემიჯნებიან აგვისტოს ომზე ეთერში გასულ ანონიმური ავტორის ფილმს. დღევანდელ ვითარებაში ეს პატარა გმირობის ტოლფასია. დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ”იმედის” ჟურნალისტები, ოპერატორები და სხვა თანამშრომლები არიან, რომლებიც განიცდიან ხელმძღვანელობის წნეხს და იძულებულნი არიან წავიდნენ დათმობებზე. ჟურნალისტებს არ უნდა სჭირდებოდეთ გმირობის ჩადენა. გმირობა ყოველთვის დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ომშიაც და მშვიდობაშიაც. ამ ადამიანებს უნდათ, რომ თავიანთი საქმე, რომელიც უყვართ, პროფესიულად და ღირსეულად აკეთნ. ყველას ჰყავს ოჯახი და გეგმავს საკუთარ არც თუ დალხინებულ ცხოვრებას და როცა მათზე ვიღაცები, რუსეთის თუ ოლიგარქის პირდაპირი მსახურები, ზეწოლას ახდენენ და აიძულებენ კომპრომისებზე წასვლას, სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით, არის მათი მხრიდან ამორალური საქციელი. ჩემი სოლიდარობა ”იმედის” ყველა ჟურნალისტს, მიუხედავად იმისა, გაბედა თუ ვერა პროტესტის გამოხატვა, მიუხედავად იმისა, მოვხვედრილვარ თუ არა მათი ტენდენციური თუ ობიექტური კრიტიკის ქვეშ”, - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, "იმედზე" გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ის ამბობს, რომ სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია. „პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათშორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის,“- განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა. ტელე „იმედზე“ გასულ ფილმზე მასალა mediachecker-მა გამოაქვეყნა. "უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი -ერთში იმეორებს" - ასე აფასებს მედიაჩექერი ფილმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა.
ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას” , -წერს მედიაჩექერი, რომელიც ამ ფილმზე მასალას აქვეყნებს.
ოპოზიციამ აღნიშნული ფილმი ოკუპაციის აღიარებად და პუტინის პირდაპირი დაკვეთის შესრულებად შეაფასა. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტებმა ფილმის ავტორის ვინაობის დასახელება მოსთხოვეს.