„ეს არის გათვლილი ძალიან დაბალი დონის მომხმარებელზე

„ეს არის გათვლილი ძალიან დაბალი დონის მომხმარებელზე" - გახდება თუ არა ახალი ავტობანი "როკის გვირაბი 2"?

„იმ შემთხვევაში თუ ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება, რომელიც გვირაბების სისტემას გულისხმობს, სამხედრო ტექნიკას გადაადგილება ბევრად გაუჭირდება, რადგან ამით გვირაბების აფეთქება და გზების ჩახერგვა შეიძლება," - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის.

მამუკა არეშეძე სააკაშვილის განცხადებას პოპულისტურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ რუსეთი რა გზითაც არ უნდა შეეცდოს თბილისში შემოსვლას, ნებისმიერ შემთხვევაში არმიას მოუწევს წინააღმდეგობის გაწევა.

„ეს არის პოპულისტური განცხადება, გათვლილი ძალიან დაბალი დონის მომხმარებელზე, საზოგადოების ისეთ ფენებზე, რომელიც საქმის კურში არ არის. თუ ახლა მოინდომა რუსეთმა ამ გზით საქართველოში შემოჭრა, რა შეუშლის ხელს? - მაშინაც არმიამ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა და ახლაც. პირიქით, იმ შემთხვევაში თუ ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება, რომელიც გვირაბების სისტემას გულისხმობს, სამხედრო ტექნიკას გადაადგილება ბევრად გაუჭირდება, რადგან გვირაბების აფეთქება და გზების ჩახერგვა შეიძლება.

„თუ რუსებმა სამხედრო აქტივობა მოინდომეს, ბევრად უკეთესი სასტარტო მდგომარეობაა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტეროტირაზე, კერძოდ ახალგორის რაიონშისოფელ წინაგართან. შეუძლიათ გადაკეტონ სრულიად მაგისტრალი და იქიდან პირდაპირ თბილისისკენ წამოვიდნენ," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს „ახალ როკის გვირაბს" უწოდებს და აცხადებს, რომ ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის.

„ეს არის ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის შესახებ. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100%-ით პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.