თსუ არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სვანეთში, სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინა. მდინარე ენგურის ხეობას კიდევ ერთი, წინარე ანტიკური ხანის გორა ნამოსახლარი შეემატა. ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ზვიად კვიციანის თქმით, „ასეთი გორა ნამოსახლარი აქამდე მდინარე ენგურის ხეობაში მხოლოდ სოფელ ხაიშში, ნაკრაში, უშგულსა და ეცერში იყო, წელს კი სოფელ ბოგრეშშიც აღმოჩნდა. ძეგლი მრავალფენიანია, თუმცა ჯერჯერობით გამოყოფილია ორი ფენა: ძვ.წ Vlll-Vl საუკუნეების ნამოსახლარი და შუა საუკუნეების ხანის სამაროვანი.“ მისივე ინფორმაციით, გვიანი ბრინჯაოს ხანით დათარიღებული ფენის ნაწილი მეწყერმა და საგზაო სამუშაოებმა გაანადგურა, თუმცა, არქეოლოგმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლო არქეოლოგიური ექსპედიცია ამ ფენასაც გამოიკვლევს.
მესტიის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყო, როდესაც მესტია-უშგულის საავტომობილო გზის გაყვანის დროს ბრინჯაოს ხანით დათარიღებული თიხის ჭურჭელი (შუბის პირი, სამაჯურები, მძივები) აღმოაჩინეს. მომდევნო წლებში გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტების საფუძველზე ეს ადგილი ბოგრაშის სამაროვნად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით, 2012 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს იყო ნამოსახლარი და არა სამაროვანი. წლევანდელმა არქეოლოგიურმა გათხრებმა კი ეს ვარაუდი დაადასტურა, თსუ არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილია სახურავი, იატაკი, ორნამენტირებული კერამიკა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით თარიღდება.
თსუ არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორებისა და სტუდენტებისგან არის შემდგარი. თსუ სტუდენტი მარიამ ჩხიტუნიძე ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებში წელს პირველად მონაწილეობდა. „ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ექსპედიციაში მონაწილეობა, რადგან ეს ძეგლი ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავდება, თუნდაც თავისი მდებარეობით. არქეოლოგიურმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. ვამაყობ, რომ ამ საქმეში სულ მცირე წვლილი მაინც შევიტანე,“ - ამბობს მარიამი.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებისა და სტუდენტებისგან შემდგარი სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიცია მესტიის მუნიციპალიტეტში 2011 წლიდან მუშაობს. ექსპედიცია სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში ხორციელდება.