ბოლტონი რუსეთს აშშ-სგან ჰიპერბგერითი იარაღის მოდელის მოპარვაში ადანაშაულებს

ბოლტონი რუსეთს აშშ-სგან ჰიპერბგერითი იარაღის მოდელის მოპარვაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთმა ჰიპერბგერით იარაღთან დაკავშირებით ამერიკული ტექნოლოგიები მოიპარა.

ბოლტონმა ეს არხანგელსკის ოლქში მომხდარი აფეთქების კომენტირებისას თქვა. მისი ინფორმაციით, რუსეთი სულ უფრო მეტს ხარჯავს თავდაცვაზე. კერძოდ, ბოლტონის თქმით, რუსეთი ფულს ხარჯავს ბირთვული იარაღის მოდერნიზებაზე, ახალი ტიპის მიმწოდებელი მანქანების შემუშავებაზე, ჰიპერბგერითი ბლოკირების რაკეტების შექმნაზე, ჰიპერბგერით ფრთოვან რაკეტებზე, რომელთა მოდელებიც დაფუძნებულია აშშ-სგან მოპარულ ტექნოლოგიებზე.

ბოლტონის განცხადებით, არხანგელსკის ოლქში აფეთქებისას "ფაქტია, რომ რაღაც დაუგეგმავად მოხდა".

10 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ ობიექტი არხანგელსკის ოლქში, რომელზეც 8 აგვისტოს აფეთქება მოხდა, შესაძლოა რადიაციის წყარო ყოფილიყო.

12 აგვისტოს კი რუსეთის ქალაქ საროვის ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელობამ არხანგელსკის ოლქში მომხდარი აფეთქების დეტალები გაამხილა. ფიზიკოსების მტკიცებით, თეთრ ზღვაში ბირთვული რეაქტორი აფეთქდა.