"იმედი და მესტრო რატომ არ იხდიდა, იცის ვინმემ?" - ნიკა გვარამია ტელევიზიების დავალიანებაზე

ხელისუფლების მხრიდან სატელევიზიო არხებისთვის დავალიანების ჩამოწერის ან რესტრუქტურიზაციის საკითხის წამოწევას რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მისი თქმით, რატომ არ იხდიდა რუსთავი2 დავალიანებას ეს საკითხი საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც ცნობილია და ეს ტელეკომპანიაზე დაწესებულ ყადაღას უკავშირდება, თუმცა მისი თქმით გაუგებარია, რატომ დააგროვა დავალიანება იმედმა და მის ჰოლდინგში შემავალმა მაესტრომ:

„ჩვენ სახელმწიფომ დაგვაყენა ამ სიტუაციის წინაშე, რომ ან ტვ უნდა გაგვეჩერებინა, ან გადასახადები გვეხადა, თუ გირაო არ მოიხსნებოდა. გირაოს მიუხედავად, კიდე კარგა ხანს ვიხდიდით, როცა ვერ შევძელით და გირაო მაინც არ მოიხსნა, საჯაროდ განვაცხადეთ და გავჩერდით.

და იმედი და მესტრო რომ ჯამში იმდენივეა, ეს ჰოლდინგი რატომ არ იხდიდა, იცის ვინმემ?"- აცხადებს ნიკა გვარამია.

ტელეკომპანიებისთვის ვალების ჩამოწერას ეწინააღმდეგება ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილიც. მისი თქმით ე.წ. ლიდერი ტელევიზიები ფაქტიურად გათავისუფლებულები არიან გადასახადებისგან, მაშინ როდესაც მცირე ტელევიზიები გადასახადებს მუდმივად იხდიან, ეს კი მისი განცხადებით უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ტელევიზიებს.