NYT: როგორ დაეხმარა რუსეთი შვედ ულტრამემარჯვენე პარტიას არჩევნებში გამარჯვებაში

NYT: როგორ დაეხმარა რუსეთი შვედ ულტრამემარჯვენე პარტიას არჩევნებში გამარჯვებაში

ულტრა-მემარჯვენე პარტიას "შვედი დემოკრატები" 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეკორდული წარმატების მიღწევაში რუსეთი დაეხმარა - კერძოდ კი შვედეთში ანტისაიმიგრაციო განწყობების გაღვივებითა და სოციალურ ქსელებში ნაციონალისტებთან დაკავშირებული ვებგვერდებისა და ჯგუფების პოპულარიზაციით. ამის შესახებ საგამოძიებო მასალაში წერია, რომელიც The New York Times-მა გამოაქვეყნა.

"შვედი დემოკრატების" პარტია 1988 წელს რამდენიმე ადგილობრივი "ნაცისტი იდეოლოგის" მიერ დაფუძნდა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ზოგ მათგანს ჰიტლერის დროინდელი უნიფორმაც კი ეცვა. ტოლერანტულ შვედეთში ასეთი იმიჯი კი პარტიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში მარგინალურ ჯგუფად იყო აღქმული.

თუმცა 2000-იან წლებში "დემოკრატებმა" შეცვლა დაიწყეს: პარტია ჩამოშორდა და გათავისუფლდა ღია ნეონაცისტური მხარდამჭერებისგან, გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტული პოლიტიკა რასიზმთან დაკავშირებით და პარტიის წევრებს შესაბამისად ჩაცმისკენ მოუწოდა. მათი პოლიტიკური პლატფორმის ცენტრში იმიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები ისევ დარჩა, თუმცა პარტიაში რასისტული დამოკიდებულებები კიდევ უფრო აშკარა გახდა. "შვედი დემოკრატების" პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არაასიმილირებული მიგრანტები ერის კულტურულ თვითმყოფადობას და შვედეთის სახელმწიფოს სოციალურ კეთილდღეობას ანადგურებენ.

2010 წელს "შვედმა დემოკრატებმა" არჩევნებში ხმათა 5.7% მიიღეს და შვედეთის პარლამენტის შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ. უკვე 2018 წელს პარტიამ ხმათა თითქმის 18% დააგროვა, ამ შედეგით კი პარტიებს შორის მესამე იყო.

ამ არჩევნებში შვედეთის სოციალ-დემოკრატიულმა ლეიბორისტულმა პარტიამ 28% დააგროვა და ამით ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

2018 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შვედეთის კონტრდაზვერვა საგარეო ჩარევებისთვის ემზადებოდა. 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავდასხმების შემდეგ, შვედეთი რუსეთს ნომერ პირველ საფრთხედ განიხილავდა. "რუსეთის მიზანი [პოლიტიკური] დებატების პოლარიზაციის გზით დასავლეთის ქვეყნების დასუსტებაა", - განუცხადა გაზეთს შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის უფროსმა დანიელ სტენლინგმა.

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოწმენი ვიყავით სულ უფრო აგრესიული სადაზვერვო მუშაობის, რომელიც ჩვენი ერის წინააღმდეგ იყო მიმართული", თუმცა ჰაკერული თავდასხმები და შეტევები ან შიდა საარჩევნო კამპანიის დოკუმენტებზე წვდომის მცდელობის შემთხვევები, როგორც ეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში იყო, შვედეთში არ მომხდარა",- აღიარებენ შვედეთის კონტრდაზვერვაში. ასევე არ ყოფილა აშკარა მცდელობები ამომრჩევლები დაერწმუნებინათ მხარი დაეჭირათ შვედი ნაციონალისტებისთვის.

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, საარჩევნო პროცესებში პირდაპირი ჩარევის ნაცვლად, უცხო ქვეყნის ძალამ მოქმედების ახლებური და გაცილებით დახვეწილი ტაქტიკა შეიმუშავა. კერძოდ, ეს იყო შვედეთის "მემარჯვენე ციფრული ეკოსისტემის" სწრაფად განვითარების ხელშეწყობა. მრავალი წლის განმავლობაში, ნაციონალისტების მთავარი პრობლემა აუდიტორიასთან კონტაქტის არარსებობა იყო: წამყვანი მედიასაშუალებები უარს აცხადებდნენ მათ რეკლამირებაზე, პარტიისთვის ["შვედი დემოკრატები"] რთული იყო საფოსტო მომსახურების დაქირავებაც კი, რათა ამომრჩევლებისთვის ბროშურები და გაზეთები გაეგზავნათ.

საბოლოოდ, "დემოკრატებმა" Facebook დახურული გვერდების ქსელი შექმნეს, რათა მოეპოვებინათ აუდიტორია, რომელშიც სხვა პარტიებზე გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას გაავრცელებდნენ. ამ ქსელს ინტენსიური კონტენტი სჭირდებოდა. შეიქმნა არაერთი ახალი ვებგვერდი, რომელთა პოპულარობაც სულ უფრო სწრაფად იზრდებოდა. "შვედმა დემოკრატებმა" ორი ასეთი წარმატებული ვებგვერდის შექმნა შეძლეს: Samhallsnytt ("საზოგადოებრივი ამბები") და Nyheter Idag ("დღის სიახლეები"). 2018 წლისთვის ეს ვებგვერდები Facebook-ზე ყველაზე პოპულარული ვებგვერდების ათეულში მოხვდნენ, მათ შორის კიდევ ერთი საიტი იყო Fria Tider ("თავისუფალი დრო"). როგორც NYT-ი წერს, რუსეთის ხელი ამ ვებგვერდებსა და პუბლიკაციებზე ნათლად არ ჩანს, "თუმცა მათში რუსული ანაბეჭდი აშკარად ბევრია".

როგორც The New York Times-ი წერს, ზოგი შვედი ულტრამებრძოლი მოსკოვთან "მცირე შეთქმულებაში" შესვლასაც აღიარებს. მაგალითად, Samhallsnytt-ის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც მანამდე "შვედ დემორკატებში" მუშაობდა, საპარლამენტო პრესის აკრედიტაცია მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მას რუსულ დაზვერვასთან ჰქონდა კავშირი.

გაზეთის ცნობით, კრემლისადმი ყველაზე მეგობრულ ვებგვერდად Fria Tider-ი მიიჩნევა, რომელიც ხშირად ცვლის საინფორმაციო მასალებს რუსულ საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკთან". ამ რესურსის დომენების მფლობელები Granskning Sverige-ის ქსელთან არიან დაკავშირებულები, Granskning Sverige-ი კი ცნობილია როგორც შვედური "ტროლების ქარხანა" - მისი დახმარებით ინტერნეტში ავიწროებენ იმ ცნობილ შვედ ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებთი კრიტიკულად და უარყოფითად გამოირჩევიან რუსეთის მიმართ.

The New York Times-ი ასევე წერს, რომ რუსული ვებგვერდები და მემარჯვენე ამერიკული ინტერნეტპორტალები შვედეთში მიგრანტებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების წამოწევას უწყობდნენ ხელს. გაზეთის ცნობით, რუსული ტელეკომპანია НТВ-ს თანამშრომლები, ივარაუდება, რომ ხელს უწყობდნენ და ფულის გადახდით ცდილობდნენ 2017 წელის თებერვალში ორგანიზება გაეწიათ სტოკჰოლმის გარეუბანში იმიგრანტების დაპირისპირებებისთვის. მაშინდელ არეულობაში ათობით მიგრანტი მონაწილეობდა, ისინი ამტვრევდნენ ფანჯრებს, სცემდნენ ადამიანებს და ცეცხლს უკიდებდნენ ავტომობილებს, მათსა და პოლიციას შორის მაშინ შეტაკებაც მოხდა. გაზეთს ერთ-ერთი მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა (რომელიც ეთნიკურად სირიელია) უამბო მისი სამი ნაცნობის მონათხრობი, რომლის მიხედვითაც რუსი ჟურნალისტები ცდილობდნენ დაახლოებით 43 დოლარად მოესყიდათ მიგრანტები: "ბიჭებო, გინდათ რამე გააკეთოთ კამერის წინ?"- ეკითხებოდნენ მათ. მოგვიანებით ინტერნეტში იპოვეს НТВ-ს ლოგოტიპი, რომლის წარმომადგენლებმაც მიგრანტებს ასეთი შეთავაზებები გაუკეთეს.

გაზეთის ცნობით, მას შემდეგ რაც სტოკჰოლმის გარეუბანში დაპირისპირების ტალღა მიწყნარდა, რუსული მედია აგრძელებდა ადგილობრივ პოლიციაში რეკვას და პატრულის თანხლებით გადაადგილებაზე ნებართვას ითხოვდა. 2018 წლის სექტემბერში, არჩევნების შემდეგ, როდესაც "შვედმა დემოკრატებმა" 18% მიიღეს, პოლიციაში ზარები მკვეთრად შემცირდა.

The New York Times-ის ცნობით, ბოლო წლებში რუსეთს ხშირად მოიაზრებენ ევროპელი ულტრამემარჯვენეების ხელშეწყობაში. ამის მაგალითად კი გაზეთს მოჰყავს ავსტრიაში 2019 წლის ვადამდელი არჩევნები, რომლის საფუძველიც გახდა ავსტრიის ვიცეკანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე „რუსი ოლიგარქის ძმისშვილთან დაკავშირებული“ სკანდალური ვიდეო. ამის გამო შტრახემ თანამდებობა დატოვა. ფარული ვიდეოჩანაწერი გერმანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, რომელშიც შტრახე პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მხარეს სამთავრობო კონტრაქტებს ჰპირდება.თანამდებობის დატოვება მოუწია პრემიერმინისტრს სებასტიან კურცსაც.

2019 წლის ივლისში იტალიის ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის თანაშემწე დაადანაშაულეს რუსეთთან გარიგებაში, კერძოდ კი იმაში, რომ ის მილიონი დოლარის სანაცვლოდ ევროპარლამენტის არჩევნებში რუსეთს დაეხმარებოდა.