რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში რადიაციის დონე აფეთქების შემდეგ 16-ჯერ გაიზარდა

რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში რადიაციის დონე აფეთქების შემდეგ 16-ჯერ გაიზარდა

რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში რადიაციის დონე 16-ჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც არხანგელსკის ოლქში აფეთქება მოხდა ობიექტზე, რომელიც შესაძლოა, რადიაციის წყარო ყოფილიყო, წერს Reuters-ი.

თავდაცვის სამინისტრომ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ რადიაციის დონე ინციდენტის შემდეგ ნორმის ფარგლებშია, თუმცა რუსეთის რადიაციის მონიტორინგის სახელმწიფო სააგენტომ თქვა, რომ რადიაციის დონე 16-ჯერ არის გაზრდილი.

გარემოს დაცვის ორგანიზაცია Greenpeac-ის ცნობით კი, რადიაციის დონემ 20-ჯერ მოიმატა.

10 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ ობიექტი არხანგელსკის ოლქში, რომელზეც 8 აგვისტოს აფეთქება მოხდა, შესაძლოა რადიაციის წყარო ყოფილიყო.

12 აგვისტოს კი რუსეთის ქალაქ საროვის ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელობამ არხანგელსკის ოლქში მომხდარი აფეთქების დეტალები გაამხილა. ფიზიკოსების მტკიცებით, თეთრ ზღვაში ბირთვული რეაქტორი აფეთქდა.