სტივ ჰარისი – ჰევი მეტალ სცენის ბრიტანელი ლომი!

სტივ ჰარისი – ჰევი მეტალ სცენის ბრიტანელი ლომი!

გასული საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს, როდესაც როკ მუსიკა თითქოს ჩრდილში იყო მოქცეული, მისი განვითარება იდეური თვალსაზრისით, მაინცდამაინც  თვალშისაცემი არ ყოფილა. სამაგიეროდ აშკარა იყო ჟღერადობის გამძლავრება, რაც ერთის მხრივ სტუდიური ტექნოლოგიის განვითარების, მეორეს მხრივ კი – კაცობრიობის მე-20 საუკუნესთან დაახლოვების  და აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიური  დაძაბულობიდან გამომდინარე შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ თვალსაზრისით, ეპოქას ერთი ათწლეულით, მოქმედ (და არამარტო) ჯგუფთაგან, იმ დროისათვის მხოლოდ Black Sabbath-მა გადაუსწრო, რომელმაც კაცობრიობის ეს ეტაპი, ჯერ კიდევ 1960-ების ბოლოს იწინასწარმეტყველა...

აი სხვები კი... სხვები მის ტალღას გაჰყვნენ, რაც საბოლოოდ მეტალისა და მისი ნაირსახეობების წარმოშობაში გადაიზარდა. Black Sabbath-ს უამრავი თინნეიჯერი „ფანი“ გამოუჩნდა და უკვე Sabotage-სა და Technical Ecstasy-ის პერიოდიდან მოყოლებული, ლეგენდარულ კოლექტივს ტედ ნაჯენტი, Judas Priest თუ კიდევ სხვანი „აჰყვნენ“.

მაგრამ ეს არ იყო Black Sabbath-ის, Deep Purple-სა და Uriah Heep-ის სულისკვეთების 80-ებში სრულყოფილი გადახატულება, რაც საუკეთესოდ 1975 წელს შექმნილმა Iron Maiden-მა განახორციელა. აქ მოყვანილ ჯგუფთაგან, ამ უნიკალურმა კოლექტივმა მეტ-ნაკლები დოზით სიმძიმე, ტემპერამენტი და რომანტიზმი განავითარა და საბოლოოდ ყოველივე განასახიერა მეტალ მუსიკის მიმართულებაში, რასაც ალბათ სახელწოდება „რაინდ როკი“, ყველაზე მეტად დაამშვენებდა...

საინტერესოა, მაგრამ Iron Maiden-ის სულისჩამდგმელი, ბას გიტარისტი სტივ ჰარისია. მუსიკოსი, რომლის მსოფლმხედველობაზეც აეწყო შემოქმედება ჯგუფისა, რომელიც უკვე სამ ათეულ წელიწადზე მეტს ითვლის და აბსოლუტურად სამართლიანადაა შეფასებული კლასიკური როკის წარმომადგენლად.

ჰარისმა კოლექტივი 1975 წლის ქრისტეშობის დღეს დააარსა. იგი გიტარისტ დეივ მიურეისთან ერთად, ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელსაც Iron Maiden-ის ყოველ ალბომში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჰარისი, გარდა იმისა, რომ გამორჩეული კომპოზიტორული ტალანტით აღვსილი მუსიკოსია, ნამდვილი ჯენტლმენია, უყვარს ფეხბურთი, ბავშვობიდანვე „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ თამაშს აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი როკ მუსიკის ყველაზე ვაჟკაცურ მიმართულებაზე შეაჩერა, რასაც კიდევ ხუთი მისი თანამოაზრე მუსიკოსი გამოეხმაურა. სწორედ ჰარისის დამსახურებაა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში კოლექტივში სხვადასხვა ცვლილებების მიუხედავად, ძირითადი ენერგეტიკული ღერძი ყოველთვის შენარჩუნებულია და რომელიმე მუსიკოსის ჩანაცვლება ვერ მოხდება ისეთი მუსიკოსით, რომელიც ფეხბურთით არ არის დაინტერესებული...

თავიდანვე ჰარისს დრამერობა სურდა, მაგრამ მის სახლში დიდი გაბარიტების მქონე მოწყობილობისათვის ადგილი არ იყო, ამიტომაც იგი სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე და კერძოდ ბას გიტარაზე გადაერთო.

Iron Maiden თავიდანვე უაღრესი მოწესრიგებულობითა და მსმენელთა წინაშე პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. აბა, რას შეიძლება მიეწეროს, რომ ჯგუფმა თავისი პირველი ალბომი, დაარსებიდან 5(!) წლის შემდეგ გამოსცა. სამაგიეროდ ალბომ Iron Maiden-ის მომსმენი ვერანაირ მოუმზადებლობასა თუ კუსტარულობას ვერ ჰპოვებს ნაშრომში, რომელმაც წარმოაჩინა ჯგუფის მისწრაფებები და ხედვა, რაც დღემდე ურყევია და როკ მუსიკის მოყვარულთ, ზოგჯერ ამ ჯგუფის ერთფეროვნებაზეც კი გვალაპარაკებს. მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ Iron Maiden, დიოსა და Black Sabbath-თან ერთად, გამორჩეული კოლექტივია, რომელსაც გასული საუკუნის 80-იანი წლების არანაირი ქარტეხილი არ შეხებია. იგივე უნდა ითქვას სტივ ჰარისის დაკვრის ხელწერაზედაც, რომლიდანაც დაუოკებელი როკ ენერგეტიკის გარდა, ვერანაირ სხვა ბას-ფანკურ-ფიუჟენურ ტენდენციას ვერ ამოვიცნობთ. ამიტომაცაა Iron Maiden უპირველეს ყოვლისა გამორჩეულად ინგლისური ბენდი.

1980 წლის სადებიუტო ალბომი Iron Maiden, ორი წლის შემდგომ გამოსულ The Number of the Beast -თან ერთად, შესულია იმ 1001 ალბომის რიცხვში, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მოისმინოს... აქ შესული სიმღერები Iron Maiden, Phantom of the Opera და ინსტრუმენტული Transylvania კი დღემდე საფუძველია იმ განუმეორებელი ხელწერისა, რასაც სტივ ჰარისი და მეგობრები დღემდე ქადაგებენ.

როკ’ნ’როლისათვის მიღებული ლირიკის ტრადიციული თემატიკისაგან  განსხვავებით, Iron Maiden -ის ტექსტები ფანტასტიკის, მისტიკისა და ისტორიული მოვლენებისაკენ  უბიძგებენ მსმენელს და ამ თვალსაზრისითაც მიმზიდველს ჰქმნიან ჯგუფის რეპერტუარს, რომელსაც ბრიუს დიკინსონის ულამაზესი და უვაჟკაცესი ხმა  ამშვენებს.

ამ მომღერლის დებიუტი 1982 წლის ალბომ  The Number of the Beast -ში შედგა. ალბომი ბრიტანულ ჩარტებს მაშინათვე სათავეში ჩაუდგა, ხოლო სტივ ჰარისის მიერ დამუშავებული ბას-სოლო-გიტარ უნისონის საუნდი, კიდევ უფრო დაამშვენა ასეთი შესანიშნავი ხმის მომღერალმა, რომლის ურთულესი პარტიები ვირტუოზულობის თვალსაზრისით, Iron Maiden -ის გიტარ სოლოებსაც კი არ ჩამოუვარდებოდა. The Number of the Beast, 22 Acacia Avenue, Children of the Damned სიმღერებია, რომლებიც დღემდე ამშვენებენ Iron Maiden -ის სცენას, რომელიც არ ბერდება მუსიკოსების უკვე საკმაო ასაკის მიუხედავად. ალბომის პროდიუსერი თვით მარტინ ბერჩი გახლდათ, რომლის დებიუტი Deep Purple In Rock-ში შედგა და რომლის ხელწერაც შემდგომში Deep Purple-ს სხვა ალბომებსა თუ Black Sabbath-ზე გავრცელდა.

ვისაც Iron Maiden -ის კონცერტის ამსახველი ვიდეო უნახავს, გაკვირვებული დარჩენილა იმ შოუს ენერგეტიკით, რომლის მოწყობაშიც თუნდაც Rolling Stones-ისაგან და Queen-ისაგან განსხვავებით, ჯგუფის ნებისმიერი წევრი, მომღერლის თანამონაწილეა.

1985 წელს, როკ მუსიკისათვის ყველაზე არასასურველ თარიღს, კოლექტივმა დიდებული საკონცერტო ალბომი Live After Death დაამთხვია, რომელმაც ბრიტანულ ჩარტებში მე-2(!) ადგილი დაიკავა. ორ დისკიან გიგანტურ ალბომში, რომელიც DVD-ის სახითაცაა გამოსული, Aces High,  Die With Your Boots On, Wrathchild, Run to the Hills, The Trooper და სხვა დიდებული სიმღერები შევიდა, რომლებიც ან მხოლოდ სტივ ჰარისის კალამს ეკუთვის, ან კიდევ ჯგუფის რომელიმე სხვა წევრთან თანაავტორობაშია შექმნილი.

ჯგუფის წევრები სტივ ჰარისს ახასიათებენ, როგორც პიროვნებას, რომელთან ერთადაც არ შეგეშინდება საომრად წასვლა. ან კი სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს, როდესაც მუსიკოსს უკვე მომდევნო ალბომ Somewhere In Time-ში, Alexander the Great ჰყავს შეყვანილი...

21-ე საუკუნეს Iron Maiden მოლოდინისამებრ ოპტიმისტურად შეხვდა და 2000 წლის ალბომს Brave New World შეარქვა. შემადგენლობაც თითქოს საბოლოოდ დასტაბილურდა და ჯერჯერობით მას შემდეგ, აღარც შეცვლილა. Brave New World სრულყოფილებამდე მიღწეულ სტუდიურ ჟღერადობასთან ერთად, საოცარ კომპოზიციურ სიმწიფეს აფრქვევს. შეიძლება ეს იმ შესანიშნავმა დამოკიდებულებამაც განაპირობა, რაც ჯგუფის წევრებს შორისაა დამყარებული Iron Maiden-ის მთელი არსებობის მანძილზე. ამის შედეგია, რომ ჰარისი უკვე თითოეული სიმღერის თანაავტორია და ცალკე აღარ ჰქმნის ისეთ შედევრებს, როგორიცაა The Wicker Man, Brave New World და სიღრმისეული The Thin Line Between Love & Hate. ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის სიმღერებს სტივ ჰარისი და მისი პირმშო არასოდეს ერიდებიან. Brave New World -ში აღსანიშნავია ჰარისის ორკესტრული არანჟირებით ჩაწერილი კიდევ ორი სიმღერა Blood Brothers და The Nomad.

სტივ ჰარისის წინამძღოლობით, გარდა იმისა, რომ Iron Maiden შესანიშნავ მაგალითს იძლევა, თუ როგორი უნდა იყოს ერთგულება არჩეულ სტილთან მიმართებაში რომც ზოგჯერ ერთფეროვნებაში დაგძრახონ, როკ მუსიკის თაყვანისმცემელს, ნამდვილი მეგობრობის მაგალითსაც უჩვენებს.

ამ ყველაფერს ჯგუფის წევრებიც მშვენივრად ხედავენ და არც არავინ გაუბრაზდება რკინის ქალწულის შემოქმედს იმის გამო, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, 56 წლის ასაკის მუსიკოსმა, თავისი პირველი სოლო ალბომი გამოსცა. ამ ალბომის სახელწოდება კი British Lion გახლავთ!