რუსი ფიზიკოსების მტკიცებით, თეთრ ზღვაში ბირთვული რეაქტორი აფეთქდა

რუსი ფიზიკოსების მტკიცებით, თეთრ ზღვაში ბირთვული რეაქტორი აფეთქდა

რუსეთის ქალაქ საროვის ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელობამ არხანგელსკის ოლქში მომხდარი აფეთქების დეტალები გაამხილა. ფიზიკოსების მტკიცებით, თეთრ ზღვაში ბირთვული რეაქტორი აფეთქდა.

„რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის - რუსეთის ექსპერიმენტული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ (РФЯЦ-ВНИИЭФ) ოფიციალური განცხადება 11 აგვისტოს ქალაქ საროვის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა და ადგილობრივი ტელევიზიის ეთერშიც გაშუქდა.

ფიზიკოსების თქმით, მეცნიერ-მკვლევრების დაღუპვის მიზეზი მცირეგაბარიტიანი ბირთვული რეაქტორის აფეთქება გახდა. ამის შესახებ РФЯЦ-ВНИИЭФ-ის დირექტორმა ვალენტინ კოსტიუკოვმა და ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ სოლოვიოვმა განაცხადეს.

კოსტიუკოვის განმარტებით, ტრაგედია არა ხმელეთზე, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, არამედ თეთრი ზღვის აკვატორიაში მოხდა, ახალი იარაღის ცდებისთვის მომზადება კი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, ახლა არხანგელსკის ოლქში სახელმწიფო კომისია მუშაობს, რომელიც კატასტროფის ყველა დეტალს სწავლობს.

10 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ ობიექტი არხანგელსკის ოლქში, რომელზეც 8 აგვისტოს აფეთქება მოხდა, შესაძლოა რადიაციის წყარო ყოფილიყო.

სახელმწიფო კორპორაცია Росатом-ის ინფორმაციით, „ტრაგედია თხევად რეაქტიულ ძრავზე კვების იზოტოპურ წყაროებთან დაკავშირებული სამუშაოების დროს მოხდა“.

მანამდე რადიაციული ფონის ზრდის შესახებ მხოლოდ ქალაქ სევეროდვინსკის ადმინსტრაციაში საუბრობდნენ, თუმცა მოგვიანებით მერიამ ინფორმაცია წაშალა. ამის შემდეგ არხანგელსკისა და სევეროდვინსკის აფთიაქებში იოდის მარაგები ამოიწურა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია.