ჩუღურეთის რაიონში, საქარისა და 9 ძმის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. ამ ეტაპზე, საქარის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემისა და საკომუნიკაციო ჭების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის მიხედვით, 400 გრძივ მეტრზე 300 მმ სანიაღვრე მილები დამონტაჟდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე, ბაზალტის ქვის ქვაფენილი მოეწყობა. რაც შეეხება 9 ძმის ქუჩას, ამ დროისთვის, ქსელის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ კი ასფალტის საფარი დაიგება. ორივე მისამართზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. „საქარისა და 9 ძმის ქუჩაზე ამ დრომდე სანიაღვრე სისტემა არ არსებობდა. მოსახლეობის თხოვნისა და საჭიროების გათვალისწინებით, ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ.