რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია თსუ-ში

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა. კონფერენციის პირველ სხდომას  სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. დამფუძნებელ სხდომაზე წევრებმა 2 წლის ვადით თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.

გიორგი შარვაშიძის თქმით,  უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანება არის ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. „უმაღლესი სასწავლებლებისთვის ეს გაერთიანება წარმოადგენს  პლატფორმას, სადაც განიხილება უმაღლესი სკოლის წინაშე არსებული ბევრი საჭირბოროტო საკითხი: უნივერსიტეტების დაფინანსება, რეფორმების მხარდაჭერა  თუ სხვა. ეს საკითხები უნდა განვიხილოთ პროფესიულად და კონსოლიდირებული პოზიციით წარვდგეთ საზოგადოებისა და იმ მოკავშირეების წინაშე, რომელიც ჰყავს უმაღლეს სკოლას.“

წლევანდელი წელი საინტერესო იყო განათლებისთვის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ერთიანი ევროპული უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროს. „ამ ეტაპზე, გაერთიანებაში მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები არიან, თუმცა  ჩვენი კარი ღიაა და, ვიმედოვნებთ, კერძო უმაღლესი სასწავლებლებიც შემოგვიერთდებიან,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები მოამზადებენ ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივებსა თუ კომენტარებს და შეაჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში. „ეს გაერთიანება იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, რომლებსაც პრაქტიკულად მსგავსი პრობლემები გვაქვს, ვიმსჯელოთ მათზე, ჩამოვაყალიბოთ საერთო აზრი და დავაყენოთ ეს საკითხები საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს წინაშე,“-აღნიშნა ზვიად ვადაჭკორიამ.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები იმსჯელებენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე,  განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეაჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.

რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.