რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია თსუ-ში

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია თსუ-ში

25 ივლისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდება რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია. პირველ სხდომას დაესწრებიან სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ამავე სხდომაზე წევრები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ თავმჯდომარეს.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები იმსჯელებენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, მოამზადებენ ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივებსა თუ კომენტარებს, განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეაჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.

რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.