გურამ ნიკოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა დღეს რუსთავი-2 და მისი დირექტორი, ანუ დაკარგა ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რითაც მართავდა ამ არხს

გურამ ნიკოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა დღეს რუსთავი-2 და მისი დირექტორი, ანუ დაკარგა ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რითაც მართავდა ამ არხს

„გუშინდელმა მოძალადეებმა, პროპაგანდისტებმა, აგრესორებმა დაიწყეს არამხოლოდ ხალხის დამოძღვრა, არამედ სტანდარტის დაწესება, რა არის სწორი და რა არასწორი, რომელი აზრია მართალი, სად უნდა გაკეთდეს აქცენტი, რა სიტყვებით უნდა აღიწეროს რეალობა, ვინ არის ოქრო და ბრილიანტი, ვინ ბნელი და ფსკერი. დაიწყეს კატეგორიულად, აგრესიით, ზიზღით, დაიკავეს საჯარო სივრცე და რაკიღა ყოველივე დასავლურის საპირწონედ გამოაცხადეს ყოველივე რუსული, სწორედ რუსეთუმეობის იარლიყის შიშით დაატერორეს ყველა საჯარო ფიგურა - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში - „ევროპული გაკვეთილი საქართველოს".

მისი თქმით, რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ბოლომდე ეცდებიან დარჩნენ საკუთარ კედლებში და გააგრძელონ იგივე საქმიანობა, რასაც 18 ივლისამდე აკეთებდნენ. ისინი არ შეიცვლიან თავიანთ დამოკიდებულებებს.

„ცხადია, რომ მათ საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი სახის გადაადგილება ტელევიზიაში, ნებისმიერი ტიპის ახალი ფიგურის შეყვანა გახდება საინფორმაციო ომის დამატებითი ინსტრუმენტი. ისინი ნებისმიერი ცვლილებისგან შექმნიან დრამას, რადგანაც წვნეული მარცხის მიუხედავად, მათთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი წარმოჩნდნენ მსხვერპლად. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი ფუფუნება მათ არ უნდა მიიღონ. არხის ახალი ხელმძღვანელობა მათ ასე არ უნდა მოექცეს. იმ „თბილი" დახვედრის ფონზე, რაც მოუწყვეს ახალ დირექტორ სალიას, როცა ყოფილმა დირექტორმა გესლიანად მიაძახა, რომ განკარგულებას გასცემს, „მდივანმა ყავაც კი არ მოუდუღოს მას", სალიამ უნდა შეინარჩუნოს ის ცივი და ფლეგმატური დამოკიდებულება, რითაც ყველას დაამახსოვრა თავი უაღრესად ცხელი და ისტორიული დღის მანძილზე. როგორ? საქმე იმაშია, რომ რუსთავი ორის „სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა" უკვე შეიცვალა. შეიცვალა ზუსტად იმავდროულად, რა მომენტშიც პაატა სალიამ ფეხი შედგა რუსთავი ორის ეზოში. შეიცვალა არა იმიტომ, რომ პაატა სალიამ შეცვალა რამე, არამედ იმიტომ, რომ ნიკა გვარამიამ დატოვა რუსთავი ორი.

დიახ, რუსთავი ორის „სარედაქციო პოლიტიკა" უდრიდა ნიკა გვარამიას. ეს იყო ადამიანი, რომელიც განსაზღვრავდა არხის კურსს, რომელიც სტაჟიანი შეფ-მზარეულივით ზუსტად აზავებდა გართობის, ნიუსის, ფეიკისა და მისი ბატონის სურვილებსა თუ მოთხოვნებს ერთ ქვაბში, რომელიც ყოველდღიურად მოძღვრავდა და ტვინს ურეცხავდა არხის მთელ კოლექტივს, ახერხებდა მათ გუნდურ მუშაობას, განკარგავდა ფინანსებს, იზიდავდა ფინანსებს, და რაც მთავარია, საგანგებოდ და სრულუფლებიანად წარმოადგენდა არხის მფლობელსა და ჰეგემონს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს და უზრუნველყოფდა არხის ინსტრუმენტალიზაციას მიშას პოლიტიკურ ვნებებში.

მისი მილიონიანი ხელფასი აქ მხოლოდ დეტალია, მისი ჩაცმულობა, გინება, ზიზღი, აგრესია, გესლი და სათვალეები, ეს ყველაფერი დეტალებია, გარნირი, რომელიც საღდებოდა მარკეტინგულ აუცილებლობად, ქვეშ კი მალავდა დაკისრებული როლისგან წარმოქმნილ მის პირად სულიერ დისკომფორტს.

რუსთავი 2 ყოველთვის იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი. ის ზუსტად ასეთად შეიქმნა და მისთვის ორგანულია მართვის დიქტატორული ფორმა. სხვანაირად ფუნქციონირება მას უბრალოდ არ შეუძლია. მის სათავეში აუცილებლად უნდა იდგას ფორმალურად ან არაფორმალურად პოლიტიკური ფიგურა, რომელიც კურირებს არხს, აცენზორებს რედაქციას და იღებს საკვანძო გადაწყვეტილებებს. ერთი პირის მიერ არხის ხანგრძლივი მართვა ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ჟურნალისტთა თვითცენზურას. ისინი ყველაზე კარგად, ღრმად, კონტექსტუალურად და ზუსტად გრძნობენ რას ითხოვს მათგან არხის სარედაქციო პოლიტიკა, არხის პოლიტიკური კონიუნქტურა და უბრალოდ მისი მმართველი.

ნიკა გვარამია იყო ეს რგოლი, ასრულებდა ამ როლს, ასრულებდა კარგად და ეფექტურად, განსაზღვრავდა არხის პოლიტიკას და უზრუნველყოფდა სინქრონიზებას მის მფლობელთან - მიხეილ სააკაშვილთან. სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა დღეს რუსთავი ორი, დაკარგა მისი დირექტორი, ანუ დაკარგა ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რითაც მართავდა ამ არხს.

სწორედ პოლიტიკური დიქტატის, პარტიული დაკვეთის და პერსონალური მესიჯბოქსის გარეშე დარჩენაა ის მოცემულობა, რაც უკვე ცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. ამ ვითარებაში ყოფნა არის ერთის მხრივ უჩვეულო, არაკომფორტული, რადგანაც არავინ გეუბნება რა უნდა გააკეთო (და შევთანხმდეთ, რომ ეს თქმა არ ნიშნავს ჟურნალისტურ საქმიანობაში ყოველდღიურ ჩარევას, ეს „თქმა" ნიშნავს იმ იდეოლოგიური ჩარჩოს უზრუნველყოფას, რომლის შიგნით ზუსტად იცი, თუ რას ითხოვს შენგან კონიუნქტურა), და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წლის სტაჟის მქონე ჟურნალისტები, არათუ უბრალოდ შემსრულებლები ან უხალისოდ დამყოლი მუშაკები არიან, არამედ ენთუზიასტი მებრძოლები და თანამოსაგრენი, მათთვის მაინც წარმოუდგენელია თავისუფალ მდგომარეობაში მუშაობა.

ამ ტექსტის წერის პარალელურად რუსთავი 2-ზე ნანუკას შოუ გადის, სტუმრად მაია ასათიანით, რომლისგანაც ვიჭერ ფრაზას" „რუსთავი ორი არის დასავლური ფასეულობების ფუნდამენტი". ვახვევ უკან და ხელმეორედ ვუსმენ, ხომ არ მომეჩვენა. არ მომეჩვენა. ცხადია არც მიკვირს. ამ იდეოლოგიურ ბაზისზე აშენა არხის პროკურატორმა დირექტორმა რუსთავი ორის გუნდი. მრავალჭირნახულ, პროპაგანდის მსახურებად მრავალგზის გამოყენებულ ჟურნალისტებს ჭირდებოდათ საფუძველი, რაც მათ საქმიანობას გამართლებას მოუძებნიდა. თანაც დაავიწყებდათ ავბედით და მარცხიან წარსულს. ჟურნალისტებს და არხს ჭირდებოდათ დიდი და ტკბილი ტყუილი, რასაც დაიჯერებდნენ, როლი, რომელსაც მოირგებდნენ, და ჭრელი ტანსაცმელი, რომელზეც გაცვლიდნენ პროკურორის დაგლეჯილ და დალაქავებულ მანტიას.

გუშინდელმა მოძალადეებმა, პროპაგანდისტებმა, აგრესორებმა დაიწყეს არამხოლოდ ხალხის დამოძღვრა ამ ტყუილით, არამედ სტანდარტის დაწესება, რა არის სწორი და რა არასწორი, რომელი აზრია მართალი, სად უნდა გაკეთდეს აქცენტი, რა სიტყვებით უნდა აღიწეროს რეალობა, ვინ არის ოქრო და ბრილიანტი, ვინ ბნელი და ფსკერი. დაიწყეს კატეგორიულად, აგრესიით, ზიზღით, დაიკავეს საჯარო სივრცე და რაკიღა ყოველივე დასავლურის საპირწონედ გამოაცხადეს ყოველივე რუსული, სწორედ რუსეთუმეობის იარლიყის შიშით დაატერორეს ყველა საჯარო ფიგურა.

პუტინი, პუტინს, პუტინმა, კრემლით, ლავროვად, მოსკოვი, ონიშენკო, ჟირინოვსკი, დედისტრაკი, დიმიტრი, მედვედევი, სლუცკი, შმუცკი, პუტინი, ვლადიმერი, ვინ დაიწყო ომი, ვინ ისროლა პირველმა, 20 პროცენტი ოკუპირებულია, აფხაზეთი და სახრეთ ოსეთი საქართველოა, ეს და უამრავი სხვა ისარი ულევად იქნა გამოყენებული ნებისმიერი განსხვავებული აზრის, მოსაზრების, შეხედულების, გამოხედვის თუ დუმილის ჩასახშობად, დასათრგუნად, გასაცამტვერებლად.

ამასობაში ნანუკას ეთერში შემოდის გია ბუღაძე და თავისი პირით ამბობს იმას, რის დაწერასაც ვცდილობ, „ყველაფერი თავს იყრის ერთი ადამიანის გარშემო, მის გარეშე არ არსებობს არავითარი პოლიტიკა, მართვა, გვარამიას გარეშე არ არსებობს დამოუკიდებლობა, აი როგორც მაცხოვარი თავისი..." . უგრძვნია კაცს. ნანუკაც ეთანხმება, თავს უქნევს, არ ესმის, როცა ყველას შეუძლია მაუწყებლობა, რა საჭიროა რომ ყველა არხი ერთნაირად გადმოსცემდეს ინფორმაციას...

დიახ, ახსოვს და იცის, ნანუკამაც, მაიამაც, და ყველა ჟურნალისტმაც იქ, რომ დიახ, სწორედ თავში მდგომი ფიგურაა მთავარი და მის გარეშე არ არსებობს არც მაუწყებლობა, არც სიცოცხლე. და ეს ხალხი ვერ იარსებებს უფროსის გარეშე. და საკმარისია, რომ ისინი გაათავისუფლო, დატოვო დირექტივის გარეშე და ეს არხი ავტომატურად შეიცვლის სარედაქციო პოლიტიკას.

„გაუმარჯოს ყველაფერ დასავლურს, არა რუსეთს, რუსეთი ოკუპანტია", აგრძელებს ნანუკა სტუმრის პასუხად, რომელიც ამტკიცებს რომ სასამართლოში მოხდა გარიგება, ამიტომაც დადგა ეს შედეგი. სასამართლომ კი იმსჯელა სამ ქეისზე, რომელმაც პრაქტიკულად მოიცვა „მედასავლეთეების" მმართველობის ყველა ასპექტი - პოლიციური ტერორი, მაღალჩინოსნის მიერ განხორციელებული მკვლელობა წინასწარგანზრახვით, ადამიანის წამება, საკუთრების წართმევა.

მმართველობა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა ის ღირებულება, რასაც კი შეიძლება დასავლური ეწოდოს, რაც მართლა წარმოადგენს ევროპას, მის ღირებულებებს, მის ფუნდამენტს. პოსტ-საბჭოთა საქართველოში ადამიანები ინფორმაციას იღებენ ტელევიზიიდან, დასავლეთზეც უმეტესწილად წარმოდგენა სწორედ ტელევიზორიდან გვაქვს და არა უშუალოდ დასავლეთიდან, იქ ყოფნის, ცხოვრების გამოცდილებით. ამდენად, რასაც დაარქმევ, რომ ესაა დასავლეთი, ის იქნება დასავლეთი.

და ეს პროპაგანდა გრძელდება მრავალი წელია, დასავლეთის ქართული, რუსთავიორული ვერსიის მუტაცია და თავზე მოხვევა, ცხვირში შეტენვა ტერორითა და ბულინგით. ამ რუსთავი 2-ის დაცვა გახდა ქართული დემოკრატიის უმთავრესი ამოცანა, ასე დაერქვა იმ დავას, რაც ყოფილმა მფლობელმა წამოიწყო. ეს არხი და მისი დირექტორი გამოცხადდა დასავლეთის მთავარ მებაირახტრედ, ხელშეუხებელ სიწმინდედ, და ამ არხმა იზეიმა დიდი ზეიმი, როდესაც დემონიზებულმა „მურუსიძის" სასამართლომ არხი ხალვაშს მიაკუთვნა და სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ მისი აღსრულება შეაჩერა.

ერთ მხარეს იყო ყველაფერი, მეორე მხარეს არაფერი. ერთ მხარეს იყო სინათლე, მეორე მხარეს სიბნელე. ეს შავ-თეთრი რეალობა წლების მანძილზე ზიზღით, სიძულვილით, დედისგინებით, აგრესიით, დაჯმით, დაფსმით და კბილთა ღრჭენით მოედინებოდა ეთერიდან, რომელსაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უფლება ჰქონდა აფარებული, როგორც იმავე დასავლური ცივილიზაციის მთავარი მონაპოვრის" - წერს გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებულ ბლოგში.