"ოქრუაშვილის წარსულიდან გამომდინარე, მისი განცხადებები არ ტოვებს დიდად სანდო შთაბეჭდილებას"

"მე დაგროვილი მაქვს კერძო სექტორში მუშაობის დროს თანხებიო, ეს არავის არ გაუანგარიშებია, რომ კერძო სექტორში მის შემოსავალს შეეძლო თუ არა, მიეღწია ამ რაოდენობისთვის,"- ასე ეხმიანება "რეზონანსთან"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ირაკლი ოქრუაშვილის დავას ქიბარ ხალვაშთან "რუსთავი 2"-ზე.

"რეზონანსი": ოქრუაშვილმა გამოთქვა პრეტენზია, რომ რუსთავი ორი მისი საკუთრებაა, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

რამაზ საყვარელიძე: რუსთავი 2 ის საკუთრების თემა დიდი ხანია არსებობს. ამავე დროს სალია აცხადებს, გაყალბებულია დოკუმენტებიო და მეც არ გამოვრიცხავ ამას. ისეთი ცოდვიანია რუსთავი 2, რომ მისი გულისთვის ბევრ ცოდვას სჩადიან-ხოლმე და ამიტომ მეეჭვება, რომ ოქრუაშვილს დღეს უფლება ჰქონდეს ეს პრეტენზია განაცხადოს. მაგრამ თუ ეს პრეტენზია დაკმაყოფილდა, მივესალმები იმდენად, რამდენადაც ისევ და ისევ სამართლიანობის აღდგენის პროცესის უნაკლოებასთან გვექნება საქმე.

"": საზოგადოებას აქვს ეჭვი თუ საიდან მოიტანა ოქრუაშვილმა ეს შვიდი მილიონი, რითაც მისი თქმით, ტელეკომპანია იყიდა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

რ.ს.: ის იმ პერიოდში ხშირად ამბობდა, კერძო სექტორში მუშაობის მაქვს თანხები დაგროვებულიო. ეს არავის არ გაუანგარიშებია, კერძო სექტორში მის შემოსავალს შეეძლო თუ არა მიეღწია ამ რაოდენობისთვის.

პოლიტიკაში მის მოღვაწეობას ერთიანად თუ შევაფასებთ, ამ ფონზე ეს განცხადებები როგორც ტელევიზიასთან, ისე თანხებთან დაკავშირებით დიდ ნდობას არ იწვევს, მაგრამ იმ დონეზე რა დონეზეც მე მაქვს ინფორმაცია, საწინააღმდეგოსაც ვერ დავამტკიცებ.

"": თქვენი აზრით, მიაღწევს მიზანს ირაკლი ოქრუაშვილი?

რ.ს.: იმდენად რთული გზა განვლო რუსთავი 2-ის მესაკუთრეობის საკითხმა, არა მგონია ოქრუაშვილის განცხადებებმა ასე სახელდახელოდ მიაღწიოს მიზანს და თუ შორეულ მომავალში აღმოჩნდება, რომ მისი პრეტენზიები დაკმაყოფილდება და სანდო სასამართლო სტრუქტურები ჩათვლიან, რომ მისი პრეტენზიები სამართლიანია, მაშინ ღმერთმა შეარგოს, თუმცა ეს ამბავი არ ტოვებს დიდად სანდო განცხადებების შთაბეჭდილებას, ოქრუაშვილის წარსულიდან გამომდინარე.