საიდან ჰქონდა ოქრუაშვილს 7 მილიონი? – „ან შემოსავლები დამალა, ან ფული გაათეთრა, ანდა დეკლარაციაში არ მიუთითა, რაც დანაშაულია“

საიდან ჰქონდა ოქრუაშვილს 7 მილიონი? – „ან შემოსავლები დამალა, ან ფული გაათეთრა, ანდა დეკლარაციაში არ მიუთითა, რაც დანაშაულია“

„მაღალჩინოსანს საიდან უნდა ჰქონოდა 7 მილიონი? ოქრუაშვილმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქიბარ ხალვაშს თანხა ნამდვილად ასესხა. როგორც ვიცით, მეორე მხარე აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი გაყალბებულია. არ არის გამორიცხული, რომ საქმე ფულის გათეთრებასთან გვქონდეს," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი გელა ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმის დეტალებზე საუბრისას.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს მისი განცხადების დამტკიცება მოუწევს. იურისტი სს დანაშაულზე საუბრობს, რაც, მისი მოსაზრებით, ამ საქმეში იკვეთება.

„ის შესაძლოა, თავის დროზე ჯეოსელის მეწილე ყოფილიყო და ჰქონოდა რაღაც თანხები, თუნდაც 7 მილიონი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მას ეს ყველაფერი უნდა ჰქონოდა დეკლარირებული. უნდა მოინახოს მის მიერ წარდგენილი დეკლარაციები 2004 წლიდან, როდესაც ის სახელმწიფო მოხელე გახლდათ. თუ 7 მილიონის არსებობა დაფიქსირებულია, მაშინ ეს „გაპრავებულია," წინააღმდდეგ შემთხვევაში ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ან შემოსავლები დამალა, ან ფული გაათეთრა, ანდა ფული ჰქონდა და არ მიუთითა, რაც თავის მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულია," - აღნიშნა მან.

„გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც 20 ივლისს საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოფრინდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, საიდან ჰქონდა მის მიერ ნახსენები, ქიბარ ხალვაშისთვის ნასესხები თანხა, რომლის დაბრუნებასაც დღემდე ითხოვს განაცხადა, რომ „ბებიათქვენმა დამიტოვა მემკვიდრეობით".

ოქრუაშვილი ასევე აცხადებს, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის წარმომადგენელზე გააფორმა, ამის დასადასტურებლად კი, ხელშეკრულება მოჰყავს, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ოქრუაშვილი, როგორც 100%-იანი წილის მფლობელი, არსად დაფიქსირებულა.

„დოკუმენტების გაცნობის გარეშე რთულია თქმა, თუმცა კითხვები არსებობს. თუ ვარაუდების დონეზე ვიმსჯელებთ, ოქრუაშვილი არასდროს არსად დაფიქსირებულა „რუსთავი 2"-ის მფლობელად. თუ დამტკიცდა, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილად არის დოკუმენტებზე, საიდანაც ეს თანხა ჰქონდა, შეიძლება არსებობდეს დავის საფუძველიც, მაგრამ ყველაფერი უნდა დამტკიცდეს," - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

 

უ ც ხ ო : რას ერჩით ამ ოქრუაშვილს? ხომ დაადგა პირზე კითხვის დამსმელ ჟურნალისტს, - ბებიათქვენმა დამიტოვაო? ჰოდა, მოჰკითხეთ იმ ჟურნალისტს: დაასაბუთოს, საიდან ჰქონდა ბებიამისს 7 მილიონი დოლარი?!
4 წლის უკან