ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა

სტრასბურგის სასამართლოს მიერ იმის თქმა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არცერთ ნაწილში არ დარღვეულა მიუთითებს იმას, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლეს დონეზე იმუშავა,  სწორად შეაფასა სამართლებრივი საკითხები და  კანონიერ მესაკუთრეს მიაკუთვნა საკუთრების უფლება,,- ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეს საფრთხე ,,რუსთავი 2"-ს ექმნება, არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

,, ვინც ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ,,რუსთავი 2-ს"  საფრთხე ექმნება, არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას ახდენს. ის ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ თავს დებენ პროდასავლურობაზე, დემოკრატიულ  ღირებულებებზე, სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე  და მეორეს მხრივ აკრიტიკებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმ სასამართლოს, რომელიც დგას სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, დემოკრატიული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე,  - ეს არის ორი, ურთიერთშეუთავსებელი რამ. ეს ადამიანები არაფერს ამბობენ იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლო რეალურად ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზეა და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის მისაღებია  და ისინი აღასრულებენ მას",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა.

,,ამ საქმით დადასტურდა ის, რაც ქართული მართლმსაჯულების მიერ იქნა დადასტურებული და ეს არის ქართული მართლმსაჯულების აღიარება.  სტრასბურგის სასამართლოს მიერ იმის თქმა, რომ არცერთ ნაწილში  სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა მიუთითებს,  რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უმაღლეს დონეზე იმუშავა,  სწორად შეაფასა სამართლებრივი საკითხები და  კანონიერ მესაკუთრეს მიაკუთვნა საკუთრების უფლება, ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაშს, რომელსაც წაართვეს ნაციონალური რეჟიმის დროს საკუთრება.  საკუთრების უფლებაზე სტრასბურგის სასამართლომ საერთოდ დაუშვებლად სცნო, არც კი იმსჯელა ამ საკითხზე",- განაცხადა დეპუტატმა

ანრი ოხანაშვილის თქმით, მოსამართლეების ნაწილში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა და პირიქით, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე მეორე ინსტანციის მოსამართლეები მოქმედებდნენ მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და ობიექტურად.