“ვამპირი!”

“ვამპირი!”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

“მოდით, გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ საზიზღრობამ, ბოროტებამ, არ უნდა გაიმარჯვოს. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ საქართველო ხელში არ უნდა ჩაიგდონ. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას, ჩემი აზრით. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, ახლა დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე, გამარჯვებამდე, ივანიშვილის მოშორებამდე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყონებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებისგან სასამართლო სისტემა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ექს- პრეზიდენტის კიდევ ერთ რევანშისტულ მოწოდებებს, პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ამ სიტყვებით ეხმაურება:

“კაცს სისხლი წყურია, ვამპირი!”, – წერს ლორთქიფანიძე “ფეისბუქზე”, პოსტის კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებლის საპასუხოდ დასძინა: – “მე ამას ყურადღებას აღარ მივაქცევ მაშინ, როცა ცხრაკლიტურში გამოვკეტავთ.”

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ, ერთხმად დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. მოიხსნა 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების მექანიზმიც. ერთხმად დაადგინდა, რომ არ დარღვეულა მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეებთან დაკავშირებით, თუმცა გამონაკლისია მოსამართლე დე გაეტანო, რომელსაც ერთ საკითხზე გააჩნდა ნაწილობრივ განსხვავებული აზრი მოსამართლეებთან, ურთმელიძესთან და თოდუასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პუნქტზე დაყრდნობით გეგმას ნიკა გვარამია გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას.

„რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილმა გენ-დირექტორმა ევროსასამართლო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სტრასბურგმა წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მის მიუკერძოებლობაში ეჭვი არ შეაქვს.

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენიმე საათში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ, ქიბარ ხალვაში, გენერალურ დირექტორად კი, პაატა სალია დაარეგისტრირა.