ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მოვისმინე მოსაზრებები სხვადასხვა რადიოში, წავიკითხე ყველა ინფორმაცია და ფეისბუქში ყველა კომენტარი შეძლებისდაგვარად, ვუყურე ყველა არხს და ყველგან ერთი მოსაზრება (ასე ვთქვათ), დომინირებს - საფრთხე ექმნება თავისუფალ სიტყვას და ადამიანის უფლებების დაცვას.
სხვა საკითხია რომ სტრასბურგმა ადამიანის უფლებები დაარღვია, თურმე...
სხვა საკითხია, წართმეული ქონების დაბრუნება, უკანონობა რომ ყოფილა, თურმე...
და, ისიც სხვა საკითხია, რომ თურმე ვინც ამ აზრს არ ვიზიარებთ, დაფინანსებულნი ვართ...
ახლა "მოკლეზე" - პირად ორ მაგალითს მოვიყვან:
პირველი: როდესაც ბაჩო ახალიას წინააღმდეგ ზაზა ხატიაშვილი (ძირითადად) და მე (ალაგ-ალაგ, ვგულისხმობ იმას, რომ პროცესებზე ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დავდიოდი) ვიბრძოდით, თავისუფალი სიტყვა დუმდა. ჟურნალისტი არ მახსენდება ეს თემა გაეშუქებინოს.
როდესაც სოზარ სუბარსაც მოვუგე პროცესი, ჟურნალისტი არ მახსენდება ეს თემა გაეშუქებინოს. მეტიც, ერთმა, რომელიც დღეს თავისუფალი სიტყვის მედროშედ გვევლინება, განაცხადა სოზარს ეთერში ამ თემაზე კითხვას ვერ დავუსვამ (პირად დაპირისპირებაში გაიყვანა სასამართლო პროცესი, თითქოს სხვა პროცესები, რომელსაც აშუქებდა, საზოგადო ყოფილიყოს), ეთერსმიღმა - კიო ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც არც მოქმედი (სუბარი) და არც ყოფილი (ახალაია) სკამს არ შეუშინდა ნინო ჯღარკავა იყო - მან მიმიწვია სტუდიაში, პირველმა. მეორე, ვინც სიმართლის მხარე დაიჭირა ნინო სამხარაძე იყო! და შემდეგ იყვნენ გია იაკობაშვილი და როზი ჯღამაია.
მადლობა მათ! უღრმესი მადლობა! - თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გაახარეთ მაშინ ჩემი ოჯახი, დედაჩემი და მამაჩემი, თქვენი მხარდაჭერით - ეს იმდენად დიდი ვალია ჩემთვის, ზუსტად ვიცი, ვერასდროს გადავიხდი, ვერასდროს...
მეორე: როდესაც ახალგორში გადაპარული, აგვისტოს ომიდან მეხუთე თვეს, იანვარში დამაპატიმრეს რუსებისა და ოსების სპეცრაზმელებმა, არც ერთ ჟურნალისტს ერთი ნიუსიც კი არ დაუწერია, სტატიასა და სიუჟეტზე არაფერს ვამბობ. მადლობა ლალი აფციაურს, ის რომ არა, ვინ იცის დღეს შეიძლება ცოცხალი არ ვყოფილიყავი - ვერც ლალის ვალს გადავიხდი ვერასდროს.
და დღეს ირკვევა, რომ თურმე მავანნი თავისუფლებისათვის იბრძოდნენ და რომ თურმე ოკუპაციასაც ებრძოდნენ, ებრძვიან...
დაბოლოს, როდესაც ჩემი და ჩემს გამო, რბილად ვიტყვი, დამიჩაგრეს (არ მინდა იმ წამების, პირდაპირი გაგებით, იმ წვალების, იმ დევნის, იმ უბედურების გახსენება), ხმა არ ამოგიღიათ არავის...
და, აქვე, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ფრენდს რაულ კაპანაძეს
და, ახლა რა უბედურების ზარმა ჩამოკრა თქვენს კარს? რაო, სამსახური შეიძლება დაკარგოთ? დიდი ამბავი. ბიზნესში გადადით, არ გაქვთ თუ რა? ახალი ბიზნესის დაწყებასაც მშვენივრად შესძლებთ - მე შენ გეტყვი, ხელფასიდან ხელფასამდე ვალებით ცხოვრობდით, ცხოვრობთ...