"რუსთავი2"-ის ახალი დირექტორი პაატა სალია დილიდან ტელეკომპანიაში მივიდა

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. როგორც სალიამ განაცხადა, ის თანამშრომლებთან შესახვედრად მივიდა და აპირებს იმ საკითხებზე მუშაობის დაწყებას, რაც აუცილებელია კომპანიის ყოველდღიური შეუფერხებელი საქმიანობისთვის.

„გუშინ მე სწორედ ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი თანამშრომლებს ყველას უკლებლივ, გამეცნო და პარალალურად დაგვეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის ყოველდღიური შეუფერხებელი საქმიანობისთვის. დღესაც იგივე მიზნით ვარ მოსული. გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო და ის ადამიანები, ვინც ამ ფუნქციებს ასრულებდნენ წასულები იყვნენ, შესაბამისად, მოვედი ისეთ დროს, როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს, შევალ გავესაუბრები და დანარჩენს მოგახსენებთ.“- განაცხადა სალიამ.

სალიას თქმით, მას ტელეკომპანიასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელ ქიბარ ხალვაშთან, მან მისი პოზიცია იცის და ახლა სურს თანამშრომლების პოზიციას გაეცნოს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა პოზიცია და განწყობა აქვს მას „რუსთავი2“-ის მიერ მომზადებულ გადაცემებთან და სიუჟეტებთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლების მიმათ კრიტიკულია, სალიამ კონკრეტული პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ მისი განცხადება შესაძლოა ვინმემ ზეგავლენის მქონედ მიიჩნიოს და ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით ის ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.