გიმნაზისტი ახვლედიანი და ლათინისტი ჭაში, ანუ გაკვრით ახალი რეალობის შესახებ ქართულ პოლიტიკაში

გიმნაზისტი ახვლედიანი და ლათინისტი ჭაში, ანუ გაკვრით ახალი რეალობის შესახებ ქართულ პოლიტიკაში

იმის თაობაზე, თუ რა შუაშია სათაურში ნახსენები გიმნაზისტი ახვლედიანი და ჭაში ჩავარდნილი ლათინისტი, წინამდებარე ბლოგტექსტის დასასრულს მოგახსენებთ. მანამდე კი, გარკვეული მიზეზების გამო, ნება მიბოძეთ, წარმოდგენილი ანალიზი, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე არსებული ვითარების ზოგადი მიმოხილვით დავიწყო.

მდგომარეობა, რომელიც შარშანდელი ოქტომბრის დასაწყისიდან, ბიძინა ივანიშვილის ”სკანდალური” დემარშის შემდეგ შეიქმნა ქართულ პოლიტიკაში, თავისუფლად შეიძლება შევადაროთ კენ კიზის ცნობილი რომანისა და მისი სიუჟეტის მიხედვით მილოშ ფორმანის მიერ გადაღებული კინოშედევრის სათაურს- ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”.

თუმცა, რატომ მხოლოდ 2011 წლის ოქტომბრიდან? პირდაპირი და მეტაფორული მნიშვნელობით, ბოლო ოცი წლის საქართველო ნამდვილად წააგავს გუგულის ბუდეს, რომლის უპასუხისმგებლო პატრონ(ებ)ი იმდენად საკუთარი სამყოფის მოწყობაზე არ ზრუნავენ, რამდენადაც გარე ”კეთილისმყოფელთა” გულის მოგებასა და სიამოვნებაზე. სხვის ბუდეში კვერცხების დება სახელისუფლებო ვერტიკალის სათავეში მდგომ, სხვადასხვა თაობის მედროვეთა საქმიანობის განმსაზღვრელ დისკურსად ჩამოყალიბდა, რასაც წლების განმავლობაში დაგროვილი სახალხო დოვლათის მითვისება/დატაცება მოჰყვა შედეგად. არასოდეს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის ისტორიაში არ მომხდარა მსგავსი მასშტაბის სოციალური პოლარიზაცია. XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე ჩამოყალიბებული ”ხიდჩატეხილობა” თავისი არსით გაცილებით რთული და საზოგადოებრივ დისბალანსზე დამყარებული ფენომენია, რომელსაც, რამდენიმე გარეგნული ნიშნის მიუხედავად, საერთო არაფერი აქვს XIX საუკუნის ანალოგიურ პრობლემასთან. თუ ილიასდროინდელი ”ხიდჩატეხილობა” საუკუნეთა განმავლობაში დამკვიდრებულ და ეროვნულ ცნობიერებაში ასე თუ ისე გადახარშულ ტრადიციას (ბატონყმობა იგულისხმება) ემყარებოდა, მისი თანამედროვე ანალოგი საზოგადოებაში არსებული მგლური ინსტინქტების იკიდურეს გაშიშვლებასა და არანაირ სამართლებრივ საფუძველზე აღმოცენებული რეალობაა. ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა ამოუვსები უფსკრულის შექმნა ერთ მუჭა ახალ პლუტოკრატიასა და მეორე ნაპირზე დარჩენილ დემოსს შორის. სოციალური სამანების წაშლამ, უკანონობასა და ძალმომრეობაზე დამყარებულმა საზოგადოებრივმა წეს-წყობილებამ, საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ტრადიციული ფასეულობების უაპელაციო რევიზიამ კიდევ უფრო გააღრმავა ეს ნაპრალი და საფრთხე შეუქმნა არა მარტო სახელმწიფოებრივი, არამედ ერის ფსიქოლოგიური მთლიანობის საფუძვლებს.

მსგავს სიტუაციაში ხანგრძლივი ეთნიკური დუღილის საფუძველზე ჩამოყალიბებული ყველა, მეტნაკლებად ცივილიზებული ერის წიაღში ლოგიკურად უნდა იჩინოს თავი თვითგადარჩენის იმპულსებმა. ასეთი შემთხვევები ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის ხანგრძლივ პერიოდში არაერთგზის გვქონია, თუმცა, პირდაპირი ანალოგიების ძიება ძველ და ახალ ეპოქებს შორის უპერსპექტივო საქმეა. შორეულ თუ მახლობელ წარსულში მსგავსი ტენდენციების ვექტორი არა ოდენ უპირატესად, ყოველთვის საგარეო მტრის წინააღმდეგ იყო მიმართული, რაც განაპირობებდა კიდეც სოციალური იერარქიის ზედა და ქვედა საფეხურებზე მდგომი ფენების კონსოლიდაციას. ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ XIX საუკუნის შუა ხანებამდე ჩვენმა ისტორიამ, პრაქტიკულად, არ იცის სპარტაკის აჯანყების, ჟაკერიას, უოტ ტაილერის, სავონაროლას, თომას მიუნცერის, ივან ბოლოტნიკოვის, სტეფანე რაზინისა და ემელიან პუგაჩოვის გამოსვლათა დარი მძლავრი სოციალური აფეთქებები. წყაროებში დაცული მწირი ინფორმაციით, აქამდე ცნობილი ყველა ქართული ”ჯანღი” თავისი არსით იყო ფრაგმენტული, სპორადული, ლოკალური, დროსა და გეოგრაფიულ სივრცეში შეზღუდული, უსამართლობის ცალკეული შემთხვევების წინააღმდეგ მიმართული რეაქცია, რომლებიც არასოდეს გადაზრდილა ეროვნული მასშტაბის კატაკლიზმებში.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ქართულ სინამდვილეში რუსთველური იდილია სუფევდა, სადაც თხა და მგელი ერთად ძოვდა და საზოგადოების ყველა სეგმენტი ჰარმონიულად თანაარსებობდა. ამის მტკიცება გულუბრყვილობა იქნებოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქართულმა ეთნოპოლიტიკურმა ერთობამ მსხვილმასშტაბიანი სოციალური აფეთქებების გარეშე მოაღწია თანამედროვეობამდე. ეროვნული ენერგიის საგარეო ძალის წინააღმდეგ მიმართული მძლავრი ამოფრქვევის ორი უკანასკნელი, თვალსაჩინო პრეცედენტი XX საუკუნეში მოხდა. მხედველობაში მაქვს 1924 წლის აგვისტოს აჯანყება და 80-90-იანი წლების მიჯნაზე აგორებული მძლავრი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, განსაკუთრებით - ეს უკანასკნელი, რომელშიც მეტ-ნაკლებად, თანაბრად იყო წარმოდგენილი თითქმის ყველა სეგმენტი, მათ შორის - პარტნომენკლატურის მნიშვნელოვანი ნაწილიც.

საზოგადოების წიაღში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური მუხტის ყოველი ასეთი ამოხეთქვა ეროვნული ენერგიის დიდ დანახარჯთან იყო დაკავშირებული. როგორც წესი, ჩახურული სივრციდან გამოთავისუფლებული ენერგიის შემდეგ დიდი სიცარიელე რჩება და სწორედ იმავე საზოგადოების მენტალურ სიმწიფეზეა დამოკიდებული, რით შეივსება არსებული ვაკუუმი. ბოლო ოცწლეულის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის სამოქალაქო თვითშეგნების ხარისხი ჯერ კიდევ შორს დგას სასურველისგან. ამას მოჰყვა ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი - სოციალურ სოლიდარობაზე დამყარებული სახელმწიფოებრივი აღმავლობის ნაცვლად მივიღეთ ახალი ჩიხი, რეგრესი ყველა მიმართულებით და უკიდურესად არასტაბილური, უსამართლობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი სისტემა. არსით ეს ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, რადგან მისი დაძლევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა იწვევს არა ეროვნულ კონსოლიდაციას (ისე, როგორც ეს ხდებოდა ისტორიულ წარსულში), არამედ შიდა დაპირისპირებათა გამწვავებას, სოციალურ დისპროპორციას, მატერიალური და ინტელექტუალური პოტენციალის უკიდურეს პოლარიზაციას. თითოეული ამ ფაქტორის ზემოქმედებას თან სდევს სახელმწიფოებრივი საფუძვლების შეუქცევადი კოროზია და ნაციონალური თვითშეგნების რღვევა. არც მეტი, არც ნაკლები, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქართველი ხალხის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობის სახელმწიფოებრივი არსებობის პერსპექტივა.

შექმნილი სიტუაციის ასეთ ფერებში წარმოჩენა იქნებ ვინმეს გადაჭარბებულ დრამატიზმად მოეჩვენოს, მაგრამ უკანასკნელი ოცწლეულის ქართული სინამდვილის რამდენიმე ხელშესახები ასპექტი, ვფიქრობ, ნამდვილად იძლევა დაფიქრების საფუძველს. ამ მიმართულებით სოციოლოგიური ანალიზის ჩატარებას გაცილებით მეტი ინფორმაცია, საფუძვლიანი განათლება და კომპეტენცია ესაჭიროება, მაგრამ საერთო სურათის შესაფასებლად ზედაპირული მიმოხილვაც საკმარისია. შევეცადოთ, თანმიმდევრულად ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე ქართული საზოგადოებრივი ყოფიერების განმსაზღვრელი, ყველასთვის კარგად ცნობილი ტენდენციები და დავრწმუნდებით, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ გვქონდა.

ესენია:

-ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და მისი აღდგენის ფრიად ბუნდოვანი პერსპექტივა;

-არსით ანტიხალხური ხელისუფლების მონაცვლეობა და მისი შეცვლის კონსტიტუციური საფუძვლების არარსებობა;

-მასობრივი სიღატაკე, უმუშევრობის მაღალი დონე და საზოგადოების წიაღში უკიდურესად პოლარიზებული, ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ფენების ჩამოყალიბება;

-სახალხო დოვლათის დაუფარავი ძარცვა, დატაცება და ელიტური კორუფცია;

-ძალმომრეობაზე დამყარებული პოლიციური სისტემის მშენებლობა. მმართველი ელიტის მიერ მოსახლეობის ინტერესების ცინიკური იგნორირება;

-მოსახლეობის უმრავლესობაში რევანშისტული სულისკვეთების გაძლიერება და უმართავი სოციალური აფეთქების პერსპექტივა;

-არა მწყობრი, რაციონალური და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია;

-ბუტაფორიული საკანონმდებლო სივრცე და სახელისუფლო ელიტის ინტერესებზე მორგებული კონსტიტუციური ვაკხანალია. უსამართლობის სამსახურში ჩამდგარი სასამართლო სისტემა;

-განათლების სისტემის მოშლა და უცხო, თავს მოხვეული საგანმანათლებლო მოდელების დამკვიდრება;

-შრომისუნარიანი მოსახლეობისა და ინტელექტუალური პოტენციალის გადინების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი...

მე შევეცადე, მხოლოდ მასშტაბური, განმაზოგადებელი ტენდენციები წარმომეჩინა. ამ ჩამონათვალს არანაირად არ აქვს სისრულის პრეტენზია და იგი კიდევ შეიძლება შეივსოს სხვა, შედარებით კონკრეტული ასპექტებით. მაგალითად: კერძო საკუთრების დაუცველობა, მონოპოლიზებული მედიასივრცე, არათანმიმდევრული ეკონომიკური და აგრარული პოლიტიკა, გაუმჭვირვალე და არა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ორიენტირებული საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკა ..

თუ ზემოთქმულს განვაზოგადებთ, ძალაუნებურად იკვეთება საზოგადოებრივი ცხოვრების განმსაზღვრელი და, ამავდროულად, საფრთხის შემცველი ტენდენცია:

1)დამოუკიდებლობის მოპოვებიდან განვლილ პერიოდში (1990-1991 წლების გამოკლებით) ქვეყანას მართავს ანტიხალხური რეჟიმი, რომელსაც არ ესმის მოსახლეობის ინტერესები და დემონსტრაციულად ახდენს მისი ნება-სურვილის იგნორირებას;

2)თავის მხრივ, მოსახლეობა არ შეურიგდა არსებულ მდგომარეობას და ყველა საშუალებით ცდილობდა, თავიდან მოეცილებინა მოძალადე ხელისუფლება:

3)პროცესების დინამიკა ცხადყოფს, რომ ორივე მხარე რადიკალურად იყო განწყობილი, რაც არანაირ შანსს არ ტოვებდა კონფლიქტოლოგიიდან კარგად ცნობილი კომპრომისული ფორმულის (მოგება-მოგება) ასამუშავებლად.

ერთი სიტყვით, სულ რაღაც სამიოდე კვირის წინ სახეზე გვქონდა მარქსიზმის კლასიკოსებიდან მომდინარე რევოლუციური წინაპირობა. ჩიხური სიტუაცია რეგულირებად მართვას ნაკლებად ექვემდებარებოდა და ყველაფრიდან ჩანდა, რომ ქვეყანას უახლოეს მომავალში დიდი სოციალურ-პოლიტიკური რყევები ელოდა.

ყველაფერ ამაზე, ღვთის წყალობითა და საქართველოს მოსახლეობის ძალისხმევით, უკვე წარსულ დროში ვსაუბრობ და თუ მოჭარბებულ ოპტიმიზმში არ ჩამითვლით, თქვენი ნებართვით, არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარების ანალიზზე გადავალ.

+ + +

წინამდებარე სტრიქონების ავტორს ნაკლებად ახასიათებს სიტუაციის დრამატიზება, მით უმეტეს - წრეგადასული უტრირება, მაგრამ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართული სახელმწიფო ნამდვილად იდგა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე. ბოლო წლებში საზოგადოების წიაღში ისეთი მასშტაბის უარყოფითი მუხტი დაგროვდა, ერთ გაუაზრებელ ნაბიჯსაც კი შეეძლო დამანგრეველი სოციალური აფეთქების გამოწვევა.

1991-1993 წლების მწარე გამოცდილების შემდეგ, რომელიც, ასე თუ ისე, გადავიტანეთ და გადავხარშეთ, თითქოსდა, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომელსაც შეეძლო ესოდენ მასშტაბური კატაკლიზმების გამოწვევა? ვფიქრობ, რომ შეეძლო. იქნებ პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ოცი წლის წინ დატრიალებული ტრაგედია თავისი დამანგრეველი ხასიათით არ იყო ქვეყნისთვის იმდენად მძიმე შედეგების მომტანი, როგორც ის შედეგი, რაც შეიძლება დამდგარიყო განმეორებითი პოლიტიკური სეისმორყევების პირობებში. პარადოქსულად ჟღერს-თქო, ამ სიტყვებს სრულიად გააზრებულად ვწერ. საქმე ისაა, რომ ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟზე განვითარებულ პროცესებს შედეგად მოჰყვა უფრო ამ სახელმწიფოებრიობის იდეის და არა დასრულებულ-ფორმამიცემული მექანიზმის მსხვრევა.

თავისთავად, ეს უაღრესად ნეგატიური მნიშვნელობის ფაქტი იყო, რამაც დიდი ხნით შეაფერხა ქვეყნის განვითარება, თუმცა, აქ გასათვალისწინებელია გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორიც. საზოგადოება მძიმედ, მაგრამ მაინც ეგუება იმის ხელყოფას, გნებავთ - დაკარგვას, რაც სახიერად, ჩამონაკვთული ფორმით ჯერ კიდევ არ უხილავს. განვლილი ოცი, განსაკუთრებითკი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ახალმა ქართულმა სახელმწიფოებრიობამ, ასე თუ ისე, ხელშესახები ფორმა მიიღო. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა არა მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული, მაგრამ მაინც სახელისუფლებო ინსტიტუტები. გამოიკვეთა საგარეო პოლიტიკური ვექტორი. მოწესრიგდა საზოგადოებრივი ყოფისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ელემენტები. ეს იყო ობიექტური რეალობა, რაც პირდაპირპროპორციულად არ ასახულა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მაგრამ ობივატელური ფსიქოლოგიის მატარებელ სოციუმს ამ ინსტიტუტების მიმართ მაინც გააჩნდა გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი იმედი, იმედი იმისა, რომ ისინი ახალ შინაარსსა და დატვირთვას შეიძენდნენ განსხვავებულ პოლიტიკურ რეალობაში. წწორედ ამას ემუქრებოდა ხერხემალში გადატეხა და ეს რომ მომხდარიყო, მიჭირს იმის წარმოდგენა, როდის და რა ფორმით იჩენდა თავს სახელმწიფოებრივი მშენებლობის ახალი პერსპექტივა, ან საერთოდ - იჩენდა თუ არა იგი თავს თვალსაწიერ მომავალში...

მარტივად რომ ვთქვათ, ოცი წლის წინ ჩვენ დავანგრიეთ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, დეკლარირებული დამოუკიდებლობის ფორმის მქონე რეალობა და სწორი მიდგომის პირობებში დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა ყველაფრის თავიდან დაწყება. ორი ათწლეულის შემდეგ, ანალოგიური ხასიათის რყევებს კი შეეძლო დაემსხვრია სხვა რეალობა, ჩამოყალიბებული, ფორმამიცემული, თუმცა, ვიმეორებ- მოსახლეობის უმრავლესობისთვის უცხო შინაარსის მქონე და მისი თავისუფალი ნების დათურგნაზე ორიენტირებული.

შექმნილ ვითარებაში თუ ყველაფერი არა, ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული საზოგადოების პოლიტიკურ სიმწიფეზე და ასეთ პირობებში მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე სრული ბრწყინვალებით წარსდგა მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ იგულისხმება ამ ცნების არა მონოეთნიკური, არამედ პოლიტიკური შინაარსი. 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ნათლად აჩვენა, რომ, უახლოესი წარსულისგან განსხვავებით, არაქართული უმცირესობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა სწორად შეაფასა ვითარება. მან სრულიად შეგნებულად გადადგა ნაბიჯი ეთნიკური უმრავლესობის მიერ გამოხატული ნების გათავისებისა და საერთო ქართულ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე.

ეს მომენტი, უდაოდ, უნდა შეფასდეს, როგორც თანამედროვე პოლიტიკური რეალობის ახალი და უაღრესად სასიამოვნო ელემენტი.

მძიმე განსაცდელის წინაშე საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ (ყველაზე ობიექტური გათვლით - დაახლოებით 70-75%) საღად შეაფასა ვითარება და აქცენტი გააკეთა იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელსაც ყველაზე მეტად ხელეწიფებოდა სახელმწიფოებრივი ხომალდის უსაფრთხოდ გაყვანა სცილასა და ქარიბდას შორის. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შემოკრებილი, ”ქართული ოცნების” სახელით ცნობილი კოალიცია, რომელმაც გარკვეული შეცდომებით, მაგრამ, ძირითადად, სწორად გათვლილი ნაბიჯებით მიიყვანა ქვეყანა ანტიხალხურ, მოძალადე რეჟიმზე გამარჯვებამდე.

ცოტა ვრცლად ამ საკითხის შესახებ, რომელშიც მკაფიოდ გამოიკვეთა თანამედროვე პოლიტიკური რეალობის ერთგვარად გაორებული (წინააღმდეგობრივი?) ხასიათი.

ჩემს ადრინდელ ბლოგტექსტებში (დაინტერესებულ მკითხველს მათი ნახვა შეუძლია აქვე, For.Ge-ს ბლოგების არქივში) არაერთხელ აღმინიშნავს ქართული საზოგადოების პატერნალისტური ცნობიერებისა და მისი მასაზრდოებელი ფესვების შესახებ, რომელიც შორეულ ისტორიულ წარსულში იღებს სათავეს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქართველი კაცი გმირისა და მესიის მიმართ ქრონიკული იდიოსინკრაზიითაა (განსაკუთრებული მგრძნობელობა რაიმეს მიმართ, რომლის დროს ორგანიზმი ვერ ახერხებს ანტისხეულების გამომუშავებას და მკვეთრად ქვეითდება, უარეს შემთხვევაში- არ ვითარდება იმუნიტეტი) დაავადებული. ამ სენმა, თითქოს, გენეტიკური ხასიათი შეიძინა და უცვლელი ფორმით გადადის თაობიდან თაობაზე. პირველმა ოქტომბერმა აჩვენა, რომ ხასიათის ეს თვისება ჯერ კიდევ განმსაზღვრელია მასობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დროს. ყველაზე სახიერი ფორმით იგი მრავალათასიან აქციებზე ბიძინა-ბიძინას სკანდირებით გამოიხატა, რომელიც არც თუ შორეული და მახლობელი წარსულიდან კარგად ცნობილი ნოე-ნოეს, ზვიადი-ზვიადისა და მიშა-მიშას (მადლობა უფალს, ედუარდი-ედუარდი არასოდეს გაგვიგონია) რემინესცენციას წარმოადგენს. ეს იმის უტყუარი დასტურია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ განმსაზღვრელია მითოლოგიზებული აზროვნების მიერ ნაკარნახევი კლიშეები და მისი დაძლევა პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს უახლოეს მომავალში განსახორციელებელი მენტალური რევოლუციის გზაზე.

თუმცა, ჩემი აზრით, აქ უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება.

როდესაც საზოგადოების მიერ რჩეული ლიდერების სახელთა სკანდირებაზე ვსაუბრობთ, განსხვავება წარსულსა და თანამედროვე ანალოგიებს შორის საკმაოდ საგრძნობია. თუ, მაგალითად, გამსახურდიას შემთხვევაში პრევალირებდა ლამის ფანატიზმამდე მისული, ხშირად გაუაზრებელიც კი (თუმცა, სრულიად საფუძვლიანი რწმენა), დღეს მნიშვნელოვნად განსხვავებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე.

შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ნდობის მასაზრდოებელი ფესვი გაცილებით ღრმად იყო გადგმული მისი პერსონის კრიტიკული გააზრებისა და განსჯის მორევში, ვიდრე ოცი წლის წინ, გამსახურდიას შემთხვევაში (იმედია, ამ მოსაზრებას ორი მოღვაწის დაპირისპირებისა და ქვეყნის წინაშე პირველი პრეზიდენტის განსაკუთრებული დამსახურების დაკნინების მცდელობად არავინ ჩამომართმევს). ეს მომენტი უდავოდ მიმაჩნია იმის დასტურად, რომ ქართულმა საზოგადოებამ სერიოზული ნაბიჯი გადადგა წინ პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი სიმწიფის თვალსაზრისით.

აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვნად განაპირობა არჩევანის უალტერნატივობამ, რაც ორი ეპოქის უდავოდ განმასხვავებელ ფაქტორს წარმოადგენს. რომ არა საბედისწერო და მთლიანად სუბიექტურ ფაქტორებზე დამყარებული დაპირისპირება, ეროვნული მოძრაობის საწყისი ეტაპის პოლიტიკურ ავანსცენაზე აშკარად იკვეთებოდა აზვირთებული ნაციონალური ენერგიის გამარჯვებამდე მიმყვანი რამდენიმე ძალა და, თუ გნებავთ- პერსონაც. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულ ფიგურებს წარმოადგენდნენ ჯერ მერაბ კოსტავა, ხოლო მისი საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში დაღუპვის შემდეგ - გია ჭანტურია. არ იქნებოდა ზვიად გამსახურდია, რომელიმე მათგანს უყოყმანოდ გაჰყვებოდა ხალხი კომუნისტური ბასტილიის წინააღმდეგ გადამწყვეტ იერიშზე.

2012 წლის პირველი ოქტომბრის წინ ასეთი ალტერნატივა არ არსებობდა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მსგავსი ტვირთის ღება საკუთარ მხრებზე არ შეეძლო არცერთ, მეტად თუ ნაკლებად, გამოკვეთილ ლიდერს (ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე, კახა შარტავა, დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, გიორგი თარგამაძე, კახა კუკავა, დავით გამყრელიძე...) თუ პოლიტიკურ პარტიას. ქართული საზოგადოება, რომელიც 2007 წლის ნოემბრის შემდეგ მუდამ მზად იყო ხელისუფლებასთან უთანასწორო შერკინებისთვის, იდგა მძიმე მარცხისა და ხერხემალში გადამსხვრევის უნუგეშო პერსპექტივის წინაშე. ასეთ პირობებში მოსახლეობამ გადადგა გონივრული და ყველაზე გამართლებული ნაბიჯი. მან უარი თქვა პიროვნულ და პოლიტიკურ სიმპათიებზე, სასურველი პოლიტიკური დოქტრინების (მემარჯვენეობა, მემარცხენეობა, ცენტრიზმი, ლიბერალიზმი...) მხარდაჭერაზე და გვერდით დაუდგა ერთადერთ რეალურად გამოკვეთილ ძალას. არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ ეს სტრატეგია სწორი აღმოჩნდა. ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალური მობილიზებისა და უპრეცედენტო ტერორის მიუხედავადაც კი ვერ შეძლო სასურველი შედეგის მიღწევა. ტოტალურმა გაყალბებამ მას წილად არგუნა გარეგნულად საპატიო, მაგრამ არსით სამარცხვინო მეორე ადგილი, რის შედეგადაც დაკარგა მართვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ბერკეტები. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ საწყისი ნაბიჯია ნაციონალური მოძრაობის, როგორც დესტრუქციული და არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალის სრული დემონტაჟის გზაზე, რომელიც მაშინვე დასრულდება, როგორც კი მისი ოდიოზური ლიდერი დატოვებს პრეზიდენტის სავარძელს.

(გაგრძელება იქნება)