ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, გენერალური პროკურატურის მიერ ნიკა მელიას საქმეზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას და კადრებს აფასებს.
საზოგადოებამ, ჩვენ, ყველამ, უკვე ძალიან კარგად ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის უცვლელი სტილია ძალადობა საზოგადოებრივ აზრზე და ტყუილი. ამ სერიიდან არის ეს ყველაფერიც.
ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ატყუებდნენ, თითქოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია, ლამის ამ კონტექსტში აიყვანეს ეს ყველაფერი და მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ ნიკა მელია დღეს თავისუფალია, აღკვეთის ღონისძიეის არასაპატიმრო სახე აქვს შეფარდებული.
იგივეა პრაქტიკულად, დღეს ცდილობენ, რომ რამდენიმე საათიანი ვიდეოჩანაწერიდან ამოიღონ ერთი მომენტი და ეს გამოაჩინონ ისე, თითქოს ამით მტკიცდება ან დანაშაული, ან უდანაშაულობა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ცალსახა ტყუილია ის, რომ ამ ჩანაწერის რამდენიმეწუთიანი მონაკვეთიდან შეიძლება რაღაც დასკვნები გამოიტანო, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ თითქოს ვიღაც ჩაგრავს ნიკა მელიას, ეს ასე ბუნებრივია არ არის.
საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა სხვა კადრებიც, თუმცა ცალკე აღებული არცერთი კადარით არ შეიძლება რაიმე დასკვნის გამოტანა, მის დანაშაულსა თუ უდანაშაულობაზე მხოლოდ სასამართლო იმსჯელებს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე.
აქედან გამომდინარე, ესეც მორიგი სპეკულაცია, მორიგი მანიპულაცია და მორიგი ძალადონაა საზოგადოებრივ აზრზე.