აკაკი ზოიძე:  არსებულმა ვიდეოკადრებმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხი იხილებოდა პარლამენტში

აკაკი ზოიძე:  არსებულმა ვიდეოკადრებმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხი იხილებოდა პარლამენტში

არსებულმა ვიდეოკადრებმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხი იხილებოდა პარლამენტში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ გენერალური პროკურატურის მიერ ნიკა მელიას საქმეზე დღეს გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების შეფასებისას.

„პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ვინც ნახავს, ოდნავ მაინც ობიექტური ადამიანი, არ შეიძლება, კითხვა არ გაუჩნდეს ნიკა მელიასა და სხვა ლიდერებთან დაკავშირებით, იმ ძალადობრივ შტურმზე, რომელიც  საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე მიმდინარეობდა რამდენიმე საათის განმავლობაში.

ვითომ მშვიდობისკენ მოწოდებით და მოლაპარაკებებისკენ მოწოდებით, პარალელურად მიმდინარეობდა შტურმი პოლიციელებზე. სწორედ ამ კადრებმა, მტკიცებულებებმა გადაგვაწყვეტინა მეც და ჩემ კოლეგებსაც იმ დღეს, როდესაც ნიკა მელიას საკითხი განიხილებოდა იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომ მწვანე ღილაკისთვის დაგვეჭირა ხელი, დამატებითი პრივილეგიები მოგვეხსნა მისთვის. მან, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე და გასცეს კითხვებზე პასუხი. კითხვები არ შეიძლება, არ ჩნდებოდეს იმ კადრების ხილვის შემდეგ, რაც პროკურატურის მხრიდან გასაჯაროვდა. ეს არის რეალობა და არა ის, რაც მათი ტელევიზიების მხრიდან მოგვაწოდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. „კერძოდ, ეს ვიდეომასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადასცა დაცვის მხარეს. დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას“, – განაცხადეს პროკურატურაში და ვიდეომასალაც გაავრცელეს.