"პუტინის განცხადებას ჩვენი მხრიდან ქმედებები უნდა მოჰყვეს”

"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეს ადამიანი აკეთებს ასეთ განცხადებებს და არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ისტორიაც და კარგად ვიცით ყველა ის ისტორიული ფაქტი, რაც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ის, ცხადია, თავის პოლიტიკას ატარებს და ამბობს იმ არასწორ ფაქტებს, რაც მას სურს, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს რეალურად რა და როგორ იყო, ეს არის მნიშვნელოვანი,” - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, უნდა მოჰყვეს თუ არა ამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება და სათანადო განცხადებები, კალაძემ ასე უპასუხა: „ამას მარტო განცხადებები არა, რა თქმა უნდა, განცხადებები და ქმედებები უნდა მოჰყვეს ჩვენი მხრიდან“.

როგორც პუტინმა განაცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.