მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გაიმართება.

სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათიდან აღავლენს.

ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.