ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ,,ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა და შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
ნიკოლოზ მეტრეველი თვლის, რომ შეხვედრა ძლიან ნაყოფიერი იყო. მისი აზრით, მინისტრმა ყველა ექსპერტს ამომწურავად მიაწოდა ინფორმაცია 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ.
„საკმაოდ კარგი შეხვედრა და მინისტრის მხრიდან კარგი ინიციატივა იყო. მინისტრმა პირველ რიგში თქვა, რომ მან გასცა ბრძანება, სრულიად აკონტროლებდა და ის იყო ოპერაციის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა გარკვეულ დეტალებზე, როგორ ხდებოდა პროცესი, რა უძღვოდა იმ მოვლენებს წინ, რაც განვითარდა 22 საათის შემდეგ. მე მოხარული ვარ, რადგან მინისტრმა თქვა, რომ ის არის ბოლომდე გახსნილი და მზად იმისთვის, რომ ეს საქმე მივიდეს ბოლომდე.
მე ვუთხარი, რომ ეს საქმე არ უნდა იყოს თვეობით, წლობით თაროზე შემოდებული, თითოეული ადამიანი ველოდებით რეაგირებას და კონკრეტული აქტორების დასჯას. არავის დაჭერა არ მიხარია, მაგრამ ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული და მკაცრად დასჯილი. შეხვედრაზე იყო გრაფიკა, ტყვიების მოდიფიკაციაზეც იყო საუბარი. საკმაოდ გახსნილი დიალოგი იყო. მინისტრმა ისიც თქვა, რომ რა თქმა უნდა, იყო გადაცდომები და ის არ გაქცევია, ასევე იმ საკითხს, რომ სამართალდამცველებს ამ გადაცდომებზე უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ჩემი და მისი აზრი ამ შემთხვევაში ემთხვევა. მანაც თქვა, რომ დროულად არ მომხდარიყო იმ არაადეკვატური გაშლილი მასის შეჩერება, შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგამდე მივიდოდით, სამოქალაქო დაპირისპირებამდე. მან ძალიან გახსნილად ისაუბრა და ისაუბრა, რომ ყველა მოვლენაზე რაც განვითარდა სრულად იღებს პასუხისმგებლობას.
მას დახურული ინფორმაცია, ჩვენთვის ცალსახად არ მოუწოდებია. მან ერთი დეტალი დაამატა, რომ დღის განმავლობაში არანორმალური რაოდენობით გაიცემოდა საშვები პარლამენტში. როდესაც დავინტერესდით, შევხედეთ და დავაკვირდით, აღმოჩნდა, რომ გარკვეული ძალები აპირებდნენ, რომ პარლამენტში გამაგრებულიყვნენო და გარკვეული მასის მობილიზებას თვითონ პარლამენტში, რომ ეს შეჭრა ყოფილიყო ბევრად ორგანიზებული. ვნახეთ კადრები, როგორ ორგანიზებულად, კარგად დაგეგმილად მოქმედებდნენ, ეს არ იყო სპონტანური. მეც ველოდები სამხილების ერთობლიობას, საბოლოო დასკვნა რომ გავაკეთო. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების უსუსური მცდელობა.
ტყვიებზე დავსვით კითხვა და მინისტრმა უარყო, რომ იქ არანაირი დათვის ტყვიები არ ყოფილა გამოყენებული. ყველა ის ტყვია, რომელიც გამოყენებული იყო არ იყო ლეტალური და შეესაბამებოდა ყველა საერთაშორისო სტანდარტს.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვედრაზე იყო თუ არა დასმული საკითხი მინისტრის პოსტზე დარჩენა-არდარჩენის შესახებ, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა, რომ იქ შეკრებილ 20 ადამიანს შორის არც ერთს მსგავსი კითხვა არ დაუსვამს.
„დაახლოებით 20 ადამიანი ვიყავით იქ შეკრებილი და არცერთს ეს კითხვა არ დაუსვამს. მე ვფიქრობ მინისტრმა ძალიან ამომწურავად ისაუბრა. იქ უამრავი ადამიანი იყო, რომელიც მის მიმართ შესაძლოა ბევრად კრიტიკულად არის განწყობილი, მაგრამ მათაც ეს კითხვა არ გასჩენიათ. მე არ ვიცი მათ რატომ არ გაუჩნდათ მაგრამ, როგორც ვამბობ, ჩემთვის საკმაოდ ამომწურავი იყო მისი პასუხები. მან აიღო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ქვეყანა დგას ძალიანი ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე და მე ვფიქრობ, რომ ის ბევრად ეფექტური მინისტრია ვიდრე მისი წინამორბედები.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია გახარიას მინისტრობის პერიოდში გამოძიების ობიექტურად ჩატარება, ექსპერტმა განაცხადა - „მინისტრმა თქვა, რომ ამას იძიებს პროკურატურა და საერთოდ, არც მისი გენინსპექციის დაქვემდებარებაშია. ამიტომ გასაგებია, პროკურატურა იძიებს და შესაბამისად პროკურატურასთან უნდა იყოს შემდეგ ეს კითხვები. თუმცა, მან, როგორც ვთქვი, დაადასტურა, რომ შემთხვევა იყო გადაცდომის და ამაზე რა თქმა უნდა პოლიციელებმა უნდა აგონ პასუხი. თუმცა, იქ ასევე ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი იყო, რომელმაც გადაგვარჩინა დიდ უბედურებას“.- განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.