„სრულიად შემთხვევით ერთი რაკეტა არა ვაზიანში, არამედ თბილისში ჩავარდება“

„სრულიად შემთხვევით ერთი რაკეტა არა ვაზიანში, არამედ თბილისში ჩავარდება“

რუსმა დეპუტატებმა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მთავრობას საქართველოს დასჯის რეკომენდაცია მისცეს. დოკუმენტის ერთხმად მიღების შემდეგ კი რუსმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ საქართველო რუსოფობიური რიტორიკისა და განწყობის გამო მკაცრად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.

რუსეთის დუმის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ჟირინოვსკი პირდაპირ მუქარას აჟღერებს.

„რა მიზანია საქართველოში - საბოლოოდ განდევნონ რუსები, შეცვალონ მთავრობა და უფლება მისცენ ამერიკულ თვითმფრინავებს, რომ გამოიყენონ ქართული აეროდრომები ანუ ყოფილი საბჭოთა აეროდრომები, ირანის დასაბომბად. ამის სანაცვლოდ, საქართველო გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს და ქვეყნისგან არაფერი დარჩება, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებენ, მერე გვიანი იქნება. ეს პატარა ტერიტორიაა, თან საუკეთესო აეროპორტი - ვაზიანი - თბილისთანაა. სრულიად შემთხვევით ერთი რაკეტა არა ვაზიანში, არამედ პირდაპირ ქალაქ თბილისში ჩავარდება, მაგრამ ამ ეტაპზე რისთვისაც უხდიან, იმ მუსიკას უკრავენ," - განაცხადა ჟირინოვსკიმ.