"ვფიქრობ, პოლიტიკაში გადასვლა მამუკა ხაზარაძის მხრიდან საკმაოდ დასაფიქრებელი იქნება"

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთვის ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლა დამაფიქრებელი იქნება.

დეპუტატის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე სწორი ღირებულებების მქონე და თავის სფეროში პროგრესული ადამიანია. თუმცა პოლიტიკური ველი ბიზნეს ველისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

„მამუკა ხაზარაძეს დიდი ხანია, ვიცნობ, როგორც მკაფიოდ გამოხატული, სწორი ღირებულებების მქონე პიროვნებას, პროგრესულ ადამიანს, თუმცა, ეს რამდენად იქნება იმის საფუძველი, რომ მან პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არ ვიცი.

პოლიტიკური ველი ბიზნესველისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. შესაბამისად, ასეთი დიდი და წარმატებული ბიზნესპროექტებიდან, მათ შორის ერთ-ერთი იმ დიდი პროექტიდან, რომელიც ჯერ კიდევ დასრულებული არ არის და საკმაოდ ბევრი აჟიოტაჟია ატეხილი, ვფიქრობ, პოლიტიკაში გადასვლა მისი მხრიდან საკმაოდ დასაფიქრებელი იქნება“, -განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ ნიშნავდეს მის პოლიტიკაში მოსვლას.

„ქვეყნის კეთილმოსურნე ადამიანების საზოგადოებრივ აქტივობას ყოველთვის მივესალმები. მეორეს მხრივ, უახლეს ისტორიასაც თუ გადავხედავთ, იმასაც გაგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ თავის დროზე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაში ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს მის პირად პოლიტიკურ დღის წესრიგში არ გადაზრდილა და პოლიტიკაში არ შესულა“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

იმ შემთხვევაში თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება თუ არა მისი გუნდის წევრი, ლევან კობერიძე ამასთან დაკავშირებით ამბობს: „მე დღეს ვარ აქტიურ პოლიტიკაში, ის არის აქტიურ ბიზნესში, როდესაც ის იქნება აქტიურ პოლიტიკაში, მერე შემდგომ ვისაუბრებთ იმაზე, ვითანამშრომლებთ თუ არა“.