"მხოლოდ სულელი დაიჯერებს, რომ ამაზრზენმა ჟურნალისტმა ნაბიჯი ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად გადადგა"

სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-სა და გიორგი გაბუნიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"დილის თეზისები, გუშინდელი ღამის შემდეგ:

ცხადია, არსებობენ უსაშინლესი პირები, რომლებიც გაბუნიას წინააღმდეგ პროტესტში მონაწილეობით კრემლის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ. თუმცა, ისინი უმცირესობაში არიან.

დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ჰგონიათ, რომ მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის მღელვარება პუტინისადმი პატივისცემით არის გამოწვეული. ისინი ხარობენ "ლატენტური კრემლისტების" გამოვლენით და ლამის მადლობაც გადაუხადონ ამაზრზენ გაბუნიას.

ხალხი არ აღშფოთებულა ტირანისადმი შიშის ან კრძალვის გამო. ხალხი აღაშფოთა ჟურნალისტის მიერ ადამიანური სახისა და ღირსების დაკარგვამ, ჟურნალისტის ზნედაცემულმა და მანიაკალურმა მიდრეკილებებმა. ბევრი ფიქრობს, რომ ზნედაცემულობით, მანიაკალიზმით, უსახობითა და უღირსობით მტერს ვერ დაამარცხებ და საკუთარ თავს ბოლომდე გაანადგურებ. მტრის წინააღმდეგ მოქმედებისას სწორედ ღირსება და კვალიფიციურობაა საჭირო.

მხოლოდ სულელი დაიჯერებს, რომ ამაზრზენმა ჟურნალისტმა ნაბიჯი ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად გადადგა. ეს კარგად დაგეგმილი, გათვლილი პროვოკაცია იყო. გინება, ფურთხება, პირდაპირ ეთერში მოსაქმება გვარამიებისა და გაბუნიების ანტიეთიკის ნაწილია. ეს დაკომპლექსებული კაცმაცუნები.

ცხადია, ამის გამო ომი არ დაიწყება. თუმცა, "მთავარი არხის" პროვოკაციული გამოხტომა უპასუხოდ არ დარჩება. ალბათ, რუსეთში გახიზნული ბევრი ჩვენი თანამემამულის დასაჩაგრად დამატებითი საბაბი მიეცემათ მათ შოვინისტ დამსაქმებლებს, მეზობლებს, თანამშრომლებს. ალაბათ, საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის რამდენიმე ძალადობრივი აქტი მოხდება მავთულხლართებთან. ზიზღისა და ღვარძლის ფოიერვერკი მოეწყობა რუსულ მედიაში და ა.შ.

 ზოგიერთი უსინდისო ჩვენს თანამოქალაქეებს დასცინის, ომის ეშინიათო. ბოლო 30 წელია ოთხი ომი გადაიტანა საქართველომ. ოთხივეში სასტიკად დამარცხდა, დაისერა, დაიგლიჯა, დაიტაჯა. ომის ჭრილობები დღემდე გადახსნილი გვაქვს. გასაკვირია, რომ ხალხს ეშინია? გასაკვირია, რომ საზოგადოებას არავის იმედი არ აქვს? არ აქვთ უფლება, რომ პრეზიდენტ პუტინის სისასტიკის და დაუნდობლობის თუნდაც 0.0000000001%-იანი შანსის გამო, შფოთავდნენ !!! სანამ სხვის სიმხდალეზე დაიწყებთ ლაპარაკს, ერთი წამით მაინც შეეცადეთ მათ "ტყავში შეძრომას".

"ქართული ოცნება" ხომ საერთოდ ფსკერია. თემა მიეცათ, ყველანი გამოლაგდნენ, განცხადებებს განცხადებებზე ავრცელებენ, რომ როგორმე დაამტკიცონ "შეხედეთ ისინი ჩვენზე უარესები არიანო". ორივენი ერთი მორით ხართ გაკეთებულები.

თსუ-ის თვითმმართველობა ხომ ძველ გზას არ ღალატობს. არაფერი არსდროს არ აწუხებთ და გუშინ გადაწყვიტეს მასობრივი დემონსტრაციით გაბუნიას უზნეობის გაპროტესტება. რომელმა პოლიცმეისტერმა დაგირეკათ? რომელი ობერმამაშა გამოაგზავნეს? ყველაფერზე მეტყველებს ის, თუ სად მუშაობენ თქვენი ყოფილი ბელადები. თან ბოლომდე რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, ერთი საყრდენიც რომ არ გაქვთ, პირველივე კომენტრების შემდეგ აორთქლდით." - წერს ლევან ლორთქიფანიძე