ვინც ისევ გადატრიალებაზე ფიქრობს, იმ ხალხს მინდა ვკითხო

ვინც ისევ გადატრიალებაზე ფიქრობს, იმ ხალხს მინდა ვკითხო

ანალიტიკოს ზვიად ავალიანის პოსტი.

“მახსოვს როგორ აღიზიანებდა ახალგაზრდობას ედუარდ შევარდნაძის ეპოქისთვის დამახასიათებელი სულისგამაწვრილებელი ბიუროკრატიზმი

ძალიან კარგად მახსოვს 2003 წლის ნოემბერიც…

ახალგაზრდობას ყელში ამოუვიდა ჩაკეტილი, კაბინეტური მმართველობა, უნიჭო და უიდეო პოლიტიკანები თავიანთი იაფფასიანი ინტრიგებით, უპერსპექტივო უძრაობა, მძიმე სოციალური ფონი და საკუთარი სახელმწიფოს უსუსურობის განცდა, რაც ორი კონფლიქტური ზონის დე-ფაქტო დამოუკიდებლობასთან შეგუებას გულისხმობდა

ერთი სიტყვით, როგორც იტყვიან, უკმაყოფილება მაშინ იყო თუ იყო და ამ უკმაყოფულებას სრულიად ობიექტური საფუძველი ქონდა, მაგრამ ალბათ უმრავლესობა დამეთანხმებით, რომ ამ უკმაყოფილების რევოლუციურ კალაპოტში მიმართვისა და გადატრიალების შემდეგ მთლიანობაში სიტუაცია კი არ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, ბევრ სფეროში კატასტროფულად გაუარესდა კიდეც…

და ბედის ირონიით, განსაკუთრებით სიტუაცია გაუარესდა სწორედ კონფლიქტების მიმართულებაზე…

ჰოდა ვინც ისევ გადატრიალებაზე ფიქრობს, იმ ხალხს მინდა ვკითხო – ბატონებო და ქალბატონებო, გაქვთ იმ პრობლემების მოგვარების ეფექტიანი გეგმა და სტრატეგია, რომლებზეც აკეთებთ აქცენტს?

მაგალითად, გაქვთ კონფლიქტების მოგვარების უკეთესი პროგრამა, ვიდრე არსებული ხელისუფლება გვთავაზობს?

თუ გაქვთ, მაშინ გამოგეტანათ… ან აწი მაინც გამოიტანეთ არჩევნებზე და იქნებ ყველანი ხმას გაძლევთ… რად გინდათ ეს გადატრიალება და ერთმანეთის ცემა-ტყეპა?

მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს რომ არავითარი გეგმა არ გაქვთ გარდა იმ სიმღერებისა, რაც ერთხელ უკვე იმღერა ამ ქვეყანამ და ამაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით…

ამიტომაც არ მჯერა თქვენი და ვიდრე უკეთეს გეგმას არ ვნახავ, მირჩევნია დავტოვო ყველაფერი ისე, როგორც არის, არა იმიტომ რომ ძალიან მომწონს დღევანდელი რეალობა ან მმართველი კლასის მიერ დაშვებულ შეცდომებს ვერ ვხედავ, არამედ იმიტომ, რომ უარესი არ მივიღოთ, რისი შანსიც ძალიან მაღალია

და ბოლოს – რაც შეეხება ახალგაზრდებს… საქართველოში რა თქმა უნდა (?!) ყველა თაობას მიაჩნია, რომ საუკეთესოა თაობაა, მაგრამ მე მხოლოდ იმ თაობის წინაშე მოვიხრი ქედს, რომელიც პრობლემების მოგვარების რეალურ გეგმას დადებს და ქვეყანას ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანს, თორემ ვერც მიტინგებზე გაბედული შეძახილებით და სამწუხაროდ, ვერც ჭრილობებით, ამ ქვეყანაში ვერავის გააკვირვებ…”– წერს ავალიანი.