ინტერნეტსივრცეში საპენსიო სააგენტოს მსგავსი ყალბი ვებგვერდი შეიქმნა, რომელიც დიზაინით სააგენტოს ოფიციალურ საიტს ჰგავს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვებგვერდზე მომხმარებელმა საბანკო ბარათის მონაცემები უნდა შეიყვანოს. მითითებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ ვერიფიკაციისთვის ბარათზე მოხდება 0.01 თეთრის დაბლოკვა 24 საათით, რომელიც შემდეგ მომხმარებელს უკან დაუბრუნდება.
საპენსიო სააგენტო მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ოფიციალური ვებგვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო დანაზოგის შემოწმება კი, დამსაქმებლის მიერ მოწოდებული პაროლის მეშვეობით არის შესაძლებელი.
სავარაუდო თაღლითურ სქემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ინფორმირებულია და საქმის შესწავლა მიმდინარეობს.