რუსული მედია ზეიმობს – ნინო ქათამაძის პოსტი ფეისბუქზე აღარ იძებნება
გუშინ მომღერალმა ნინო ქათამაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა: „რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩემი ქვეყნის მტერი და მაშასადამე ჩემი მტერიც! ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!!“
პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ერთ-ერთი პირველი, ვინც ნინო ქათამაძის პოსტს გამოეხმაურა, პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი იყო. მან რადისადგურ „Говорит Москва“ -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
„ისინი რა, ყველანი ჭკუიდან გადავიდნენ? ეს რაღაც უგუნურებაა. ის ხომ არავის დაუჩაგრავს ქვეყანაში. ეს რა კარის გაჯახუნებაა? აღმაშფოთებელი სიტუაციაა! როდესაც ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ისინი ამისთვის პასუხს უნდა აგებდნენ. დაე იჯდეს თავის საქართველოში, იქ იგასტროლიოროს.
ნებისმიერი დიდი სახელმწიფო, ატომური სახელმწიფო, ყიველთვის იდომინირებს პატარა სახელმწიფოებზე. მეზობლებთან ადამიანურად უნდა იცხოვრო”.
მალევე მას მხარი აუბეს და ნინო ქათამაძის განცხადება ქილიკით გამოეხმაურენ სხვებიც, კერძოდ ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი და სხვები.
ამ დილით კი რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ერთხმად ახარეს მთელ რუსეთს, რომ ნინო ქათამაძემ პოსტი მოაცილა თავის პროფილიდან.
ნინო ქათამაძის პროფილზე აღნიშნული პოსტი მართლაც აღარ იძებნება, ხოლო მის გვერდს არაერთი სტუმრობს რუსეთიდან. მათი ერთი ნაწილი აღშფოებულია ნინოს პოსტით, მეორე ნაწილი კი კითხულობს, რატომ აიღო ნინომ პოსტი.
ამ დროისთვის ნინო ქათამაძეს არცერთის ინტერესი არ დაუკმაყოფილებია და განმარტება არ გაუკეთებია.
ასე გამოიყურება ადგილი
სადაც მომღერალი წერდა: „ვუერთდები მოთხოვნას, გახარია უნდა გადადგეს! და ბოდიშს ვიხდი, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!“
თუმცა, ნინო ქათამაძე გუშინ საპროტესტო აქციაზე მივიდა და იგივე განაცხადა, რაც სოციალურ ქსელში დაწერა.
„აიპრესი“ ნინო ქათამაძეს დაუკავშირდა, თუმცა მომღერალმა განაცხადა რომ ცუდ დროს ვურეკავდით: „ცუდ დროს მიკავშირდებით, ახლა ვერ გიპასუხებთ. იქნებ მოგვიანებით შევძლო და გიპასუხოთ“.