რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა არ გამორიცხა საქართველოში პირადი მიზნებით კიდევ ჩამოსვლა, რომ პრაქტიკაში განახორციელოს რუსეთის პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი „მომლოცველობის" შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„ჩვენ მივიღეთ კანონი „მომლოცველობის შესახებ" და ვისურვებდი მოვსინჯო ეს საქართველოში, ვიმოგზაურო წმინდა ადგილებში", - განუცხადა გავრილოვმა „რია ნოვოსტის".
„ახლა სულაც არ ვაპირებ საქართველოში წასვლას, არ ვაპირებ პროვოკატორებისთვის საბაბის მიცემას. მჯერა, რომ სიტუაცია იქ დამშვიდდება", - დასძინა გავრილოვმა.
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს გასულ კვირას იმყოფებოდა. ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას თავმჯდომარეობდა, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიხნა.
გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იყო მოთავსებული, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.