ტრამპი პუტინს: არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში

ტრამპი პუტინს: არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში

იაპონიის ქალაქ ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის პირველი პირის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ Politico წერს.

"საინტერესო დისკუსია გვაქვს. მრავალი თემა არსებობს, რომელსაც განვიხილავთ, მათ შორის ვაჭრობა, განიარაღება, პროტექციონიზმი და სხვა საკითხები. ვფიქრობ, შეხვედრის შედეგები კარგი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.

მანვე მედიასთან იხუმრა და თქვა, რომ კრემლის ლიდერს აშშ-ის არჩევნებზე დაელაპარაკა. "არ ჩაერიოთ 2020 წლის არჩევნებში", - ასე გაეხუმრა ტრამპი პუტინს.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რის შემდეგაც კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, არ იკვეთება შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა.

იაპონიის ქალაქი ოსაკა G20-ის სამიტს მასპინძლობს. G20-ის სამიტი ყოველწლიურად გაერთიანების ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ქალაქში იმართება. სახელმწიფოთა ლიდერები საერთაშორისო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებზე, კლიმატის ცვლილებებზე მსჯელობენ.

სამიტი ოსაკაში 28-29 ივნისს გაიმართება.