„ჭკვიანი ტერმინალი“ - საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტი ბიზნესისთვის

„ჭკვიანი ტერმინალი“ - საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტი ბიზნესისთვის

საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ინოვაციური პროდუქტის დანერგვის შესახებ განაცხადა. საქართველოს ბანკი ბიზნესის წარმომადგნელებს სავაჭრო და მომსახურების სფეროში სრულიად ახალი პროდუქტით- „ჭკვიანი ტერმინალით“ სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. „ჭკვიანი ტერმინალი“ ეს არის პოსტერმინალი, სადაც გაერთიანებულია როგორც საბანკო ბარათით გადახდების სისტემა, ასევე სალარო აპარატის ფუნქციები. ის სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტი, ვინც განათავსებს „ჭკვიან ტერმინალს“, ერთი მოწყობილობით განახორციელებს როგორც საბანკო ბარათებით გადახდის, ასევე სალარო აპარატის ტრანზაქციას. თუ აქამდე სალარო აპარატის შესაძენად მომხმარებელი  იხდიდა 250 დან-400 ლარამდე, ახლა უკვე პირველი 1000 მომხმარებელი „ჭკვიან ტერმინალს“ საჩუქრად მიიღებს და 6 თვის განმავლობაში არ გადაიხდის მომსახურების  საკომისიოს. პირველი 200 ტერმინალი მომხმარებელს 1 ივლისიდან გადაეცემა. სავაჭრო და მომსახურების სფეროს წარმომადგენლები 1 თვის განმავლობაში შეძლებენ სატესტო რეჟიმში გამოსცადონ „ჭკვიანი ტერმინალი“. ბანკი ამ პერიოდში მომხმარებლის მიერ გამოთქმულ კომენტარებსა და სურვილებს გაითვალისწინებს, ხოლო 1 აგვისტოდან კი ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს საქართველოს ბანკის დახვეწილი „ჭკვიანი ტერმინალით“ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, (ექსპრეს ფილიალების გარდა) მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკთან ერთად ბიზნესი დაწყება ძალიან მარტივია. ბანკი ქვეყნის მასშტაბით, სერვისცენტრებში, ერთ სივრცეში უწევს მრავალფუნქციურ მომსახურებას ბიზნესის წარმომადგენლებს - მათ, ვისაც სურს დაიწყოს ბიზნესი ან განავითაროს ის. „ჭკვიანი ტერმინალი“ როგორც ინოვაციური პროდუქტი ვფიქრობ, კიდევ უფრო გაამარტივებს გადახდების სქემას. „ჭკვიანი ტერმინალი“ რომელსაც სალარო აპარატის ფუნქციაც აქვს, მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს თანხა, რადგან მას აღარ მოუწევს ცალკე სალარო აპარატის შეძენა. ჩვენი მიზანია, არსებითად გავამარტივოთ ბიზნესის მხარეს არსებული საჭიროებების მოგვარება. ვფიქრობ, მიზანი ამ ეტაპზე მიღწეულია. ამასთან, კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განაგრძობს ეგრეთ წოდებული „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურების დანერგვას, რათა კიდევ უფრო კომფორტული და მარტივი გახადოს ბიზნესის დაწყება ან განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, ბანკი

მომხმარებელს ერთ სივრცეში უწევს მომსახურებას ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი. მათ შორის, შესაძლებელია ბანკის სერვისცენტრში ერთ ვიზიტზე: დაარეგისტრიროთ კომპანია, ისარგებლოთ საბანკო პროდუქტებით, გახსნათ საბანკო ანგარიში. ასევე, მიიღოთ „ჭკვიანი ტერმინალი“, სალარო აპარატი თუ პოსტერმინალი, ან კონსულტაცია ბანკში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.