„სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - ევროინტეგრაცია, როგორც განვითარების ფაქტორი“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში VII საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი თემებია: პოლიტიკის მეცნიერებები, საზოგადოებრივი გეოგრაფია, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა. საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის ორგანიზატორია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართველ მკვლევრებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან (მექსიკა, ბელგია, პოლონეთი, მონტენეგრო, თურქეთი და სხვა) უცხოელი მკვლევრებიც მონაწილეობენ.
კონფერენციის გახსნას თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„კონფერენციის წლევანდელი თემაა - ევროკავშირი, როგორც განვითარების ინსტრუმენტი. ეს არის ქართული სახელმწიფოს განვითარების პირობა - აუცილებელი სწრაფვა ევროკავშირისაკენ, დაახლოება მის ინსტიტუტებთან. იმედია, წლევანდელ კონფერენციას ჩვენი შემდგომი დაახლოებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელებისთვის კარგი შედეგი ექნება,“ - განაცხადა თამარ დოლბაიამ.
კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ღია და მრავალმხრივი დისკუსიის შესაძლებლობებს აძლევს.
პოლონეთის მარი კიურო-სკლოდოვსკას უნივერსიტეტის პროფესორის მარეკ პიეტრასის თქმით, „ევროკავშირი ახლა ცვლილებების პროცესშია. მისი არსებობა მნიშვნელოვანია ევროპის ბევრი ქვეყნისათვის, მილიონობით ევროპელისთვის, იმ ქვეყნებისთვის რომლებიც, ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ შეუერთდებიან ევროპის კავშირს. ასე, რომ კონფერენციის თემა ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის.“
საერთაშორისო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ 21 ივნისს დაიხურება.