საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე სერგეი გავრილოვის ყოფნა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფო სიმბოლოების წაბილწვაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე სერგეი გავრილოვის ყოფნა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფო სიმბოლოების წაბილწვაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ყოფნა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფო სიმბოლოების წაბილწვაა. ამ ხალხის საქართველოში შემოშვებით, „ქართულმა ოცნებამ" მიაფურთხა უკრაინის სუვერენიტეტსაც,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებას და რუსი დეპუტატების ვიზიტს გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ საქართველოში უკრაინის ელჩის დემარშს. ცხადია, რუსი დეპუტატების საქართველოში შემოშვება, განსაკუთრებით, გავრილოვის, არის უმწვავესი თემა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მისი ყოფნა არის წაბილწვა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფო სიმბოლოების. ეს ადამიანი მონაწილეობდა აფხაზეთში, საქართველოს წინააღმდეგ ომში, გასაგებია, რომ გადამფრენ ფრინველებს არ აკვირდებოდა აფხაზეთში, მაშინ როცა იბომბებოდა სოხუმი, როცა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა აფხაზეთში, ეს პიროვნება იყო იქ. ამ ხალხის საქართველოში შემოშვებით „ქართულმა ოცნებამ" მიაფურთხა უკრაინის სუვერენიტეტს, რადგან ყველა ამ წევრს აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. საქართველოს მთავრობამ გავრილოვის შემოშვებით თქვა, რომ ამ ხალხის აქტივობა უკრაინაში მისთვის მისაღებია",- განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში, სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი „კომუნისტური პარტიიდან", სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.