ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მარია ფილინასა და ვარმია-მაზურიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორ დანუტა ოსოვსკას წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში“ თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში XIX-XX საუკუნეების კავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოში მყოფი პოლონელების, მათ შორის ე.წ. ,,კავკასიურ“ ჯგუფში შემავალი პოლიტიკური შეხედულებების გამო გადასახლებული პოეტების, ცხოვრებაა აღწერილი. წიგნი ქართულად სალომე ბედუკაძემ თარგმნა.
პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, თსუ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემის პრეზენტაციაა. მასში საინტერესოდ არის გადმოცემული პოლონელების ყოფა საქართველოში, კავკასიაში მათი პოეტური დასის ჩამოყალიბება და ის ურთიერთობა, რომელიც წლების მანძილზე ქართველებსა და პოლონელებს შორის ჩამოყალიბდა,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
წიგნში შესული მასალები, ძირითადად, 1830-1850-იანი წლების პერიოდს მოიცავს. პოლონელ ლიტერატორთა შემოქმედების მთლიანი სურათი პირველად არის წარმოდგენილი. ასევე, განხილულია მათი პოეზიისა და პროზის ძირითადი მოტივები.
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მარიუშ მაშკევიჩის თქმით, „მე-19 საუკუნეში საქართველოში ბევრი პოლონელი ცხოვრობდა, მათ შორის პოეტები და მწერლები. მათ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი კვალი დატოვეს საქართველოში. მინდა აღვნიშნო, რომ თავისი ნაწარმოებების საშუალებით პოლონელები ცდილობდნენ საქართველოს ისტორიასთან ახლოს ყოფილიყვნენ.“
მონოგრაფია ორჯერ პოლონურ ენაზე, 2015 წელს კი - რუსულ ენაზე გამოიცა. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის სენატის „აღმოსავლეთში მცხოვრებ პოლონელთა მხარდაჭერის“ ფონდის მეშვეობით.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონისტიკის ცენტრი, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი ,,პოლონია“.