საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა

საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს.

ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს.

„საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.

ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე.