ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს

ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს

,,პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე" საპენსიო რეფორმასა და მის უპირატესობებზე იმსჯელეს. საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება ახალგაზრდებისთვის საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მუშაობის კარგი შესაძლებლობაა.

პროექტში 200-მდე სტუდენტია ჩართული. სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ისინი სხვადასხვა თემებს განიხილავენ. მათ შორის არის საქართველოში ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სქემა. ღონისძიებას საპენსიო სააგენტოს დირექტორი დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. ლევან სურგულაძემ ახალგაზრდების სამიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სტუდენტების მოსაზრებების გათვალისწინება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ,,მე დღეს გახლდით სასიამოვნოდ განცვიფრებული,  დღევანდელი საკომიტეტო მოისმენა ეხებოდა იმ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ რეფორმას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ამ რეფორმის მიზნები სწორად იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული. ორი უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი: პირველი - მოსახლეობას საპენსიო ასაკში უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება და მეორე  არის საქართველოში საინვეტსიციო კაპიტალის ბაზრის გაჩენა, რომელიც გამოიწვევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნას და ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას მინიმუმ 3, 4 პროცენტით. ეს კი თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, შემოსავლების ზრდას და საერთო კეთილდღეობის ზრდას ყველასთვის მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა ეს ადამიანი საპენსიო სქემაში." - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე გამომსვლელებმა პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავეს, სადაც მათი რეკომენდაციები არის ასახული. ღონისძიება სასტუმრო ,,კრუიზში" გაიმართა.