საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ძირი ნეკერჩხალი დარგეს. საპენსიო სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს მათთვის სოციალური პასუხისმგებლობაა და მსგავს პროექტებში მომავალშიც აუცილებლად ჩაერთვებიან. გამწვანების აქციაში მონაწილეობდა ლევან სურგულაძე. მან ერთგვარი პარალელი გაავლო აქციასა და დაგროვებით საპენსიო სქემას შორის და აღნიშნა, რომ როგორც ხის დარგვა, ისე დაგროვება არის ინვესტიცია მომავალში. ,,ეს ნამდვილად არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, ასე განვიხილავთ. ეს ხეები გაიზრდება, აქ მოვლენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და გაუხარდებათ რომ დახვდებათ ჩვენი შრომის ნაყოფი - გაზრდილი ხე. ეს სიმბოლურია ასევე იმითაც, რომ ჩვენი სააგენტო საქართველოში დაგროვებით საპენსიო რეფორმას ახორციელებს. დაგროვებითი საპენსიო დანაზოგებიც მომავალში ნამდვილად ინვესტიციაა თითოეული ჩვენგანისთვის." - განაცხადა ლევან სურგულაძემ. გამწვანების აქციაში საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების შვილებიც მონაწილეობდნენ.