12-16 ივნისს საქართველოს საფრანგეთის მეღვინეობა-მევენახეობის სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენელთა დელეგაცია ესტუმრება. VINITECH-ის ინოვაციური ტური მოიცავს სამ ძირითად ეტაპს: მევენახეობისა და მეღვინეობის კომპანიების მონახულებას, მონაწილეობას გამოფენაში Winexpo Georgia 2019 (თითოეული კომპანიის სტენდთან მოეწყობა ბიზნესშეხვედრები (BtoB)) და კონფერენციას ექსპერტების მონაწილეობით.
13 ივნისს გაიხსნება ღვინის საერთაშორისო გამოფენა Winexpo Georgia 2019, რომელსაც ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონი სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. მევენახეობისა და მეღვინეობის სექტორის ხუთი ფრანგული კომპანია (Fruition Sciences, Ertus, Coup Eco Viti, Bucher Vaslin, VariaPrint) ქართველ მეღვინეებსა და მეწარმეებს გაუზიარებს ღვინის წარმოებისა თუ ვენახის მოვლის გამოცდილებას, გააცნობს ტექნოლოგიებისა და ტექნიკის უახლეს ტენდენციებს და შესთავაზებს საგანგებოდ შემუშავებულ პროგრამებს როგორც წარმოების პროცესის (დაგეგმვა/მართვა/გამარტივება), ისე პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
14 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ კონფერენციას გახსნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფორუმის მონაწილეებს მიმართავენ ბორდოს ვაზისა და ღვინის მეცნიერებათა ინსტიტუტის (ISVV) წამყვანი სპეციალისტები ჟან-ფილიპ რობი, ლორენს ჟენი, მაიკლ ჟურდი, გილერმ მარტინსი. გამომსვლელები მიმოიხილავენ ამ დარგის გასული წლის შედეგებს, განხორციელებულ კვლევებსა და ინოვაციურ მიღწევებს. დასასრულ, გაიმართება პანელ-დისკუსია მხარეებისათვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
კონფერენციის ორგანიზატორია ახალი აკვიტანიის ინდუსტრიული გაერთიანება (INNO VIN) და მისი პარტნიორები: ბორდოს ვაზისა და ღვინის მეცნიერებათა ინსტიტუტი (ISVV), მევენახეობისა და მეღვინეობის საერთშორისო გამოფენა (VINITECH) და ახალი აკვიტანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (INTERCO). კონფერენცია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ხელშეწყობით იმართება.
ვიზიტის ფარგლებში ფრანგული დელეგაცია ქართული ღვინის ცნობილ კომპანიებსაც ეწვევა. ესტუმრებიან წინანდალს, „მეღვინეობა ხარებას“ და „შატო თელავს“, სადაც ქართველი მეღვინეები სტუმრებს ღვინის წარმოების ქართულ ტექნოლოგიას გააცნობენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
VINITECH-ის ინოვაციური ტური უპრეცედენტო ინიციატივაა, რომელსაც წელს ჩაეყარა საფუძველი და მიზნად ისახავს რეგიონალური და ეროვნული ნოუ-ჰაუს პოპულარიზაციას, ბიზნესურთიერთობის განვითარებას დიდი პოტენციალის მქონე ამ სტრატეგიულ ზონაში - შავი ზღვის რეგიონის ცენტრში; ასევე დარგის ლიდერებისა და მეცნიერების შეკრებას, ცნობილი და წარმატებული სპეციალისტების წარმოჩენას, რათა წინა წლების რთველის შედეგების განხილვის საფუძველზე შესაძლებელი გახდეს ტექნიკური და ეკონომიკური პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტა და მომავალი რთველის დაგეგმვა. აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურად გაიმართება მეღვინეობით განთქმულ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, წილად ხვდა პატივი პირველი კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა გამხდარიყო. მომავალ წელს VINITECH-ის ინოვაციური ტური არგენტინაში იგეგმება.